Site icon Civil.ge

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა რუმინეთში ვიზიტი დაასრულა

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი რუმინელ კოლეგას შეხვდა, 2021, ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა რუმინეთში 27-29 ივნისის ვიზიტი დაასრულა, სადაც იგი რუმინეთის თავდაცვის მინისტრს, ნიკოლაე-იონელ ჩუკესა და რუმინელ კოლეგას, გენერალ-ლეიტენანტ დანიელ პეტრესკუს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრისას თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

გენერალ-მაიორმა მათიაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის საქმიანობაში რუმინეთის აქტიურ ჩართულობას გაუსვა ხაზი, მინისტრმა ჩუკემ კი – საქართველოს პაკეტის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი მიულოცა და უკეთესი თანამშრომლობისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის კუთხით ღიაობა გამოხატა.

თავის მხრივ, გენერალ-ლეიტენანტმა პეტრესკუმ ხაზი გაუსვა საქართველოს და რუმინეთის, როგორც შავი ზღვის სახელმწიფოების, საერთო ინტერესებს „რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის“ უზრუნველყოფის საქმეში. „ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა ორ არმიას შორის პარტნიორობის გაძლიერების, ასევე რეგიონული უსაფრთხოების კლიმატის გაუმჯობესების მუდმივ და მყარ ორიენტირად რჩება”, – დასძინა მანვე.

თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს, მათ შორის, სამხედრო განათლების, საქართველოსა და რუმინეთის ყოველწლიურ სწავლებებში მონაწილეობისა და სამხედრო ინდუსტრიაში გამოცდილების გაზიარების გზით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)