Site icon Civil.ge

ამერიკელი კანონმდებლები „თბილისი პრაიდს“ მხარდაჭერას უცხადებენ 

თბილისი პრაიდის მხარდამჭერები პოლიციის კორდონში (15 ივნისი, 2019). ფოტო: გურამ მურადოვი / Civil.Ge

აშშ-ის კონგრესის წევრებმა Twitter-ზე თბილისში 1-5 ივნისს დაგეგმილი პრაიდის კვირეულის წინ საქართველოს ლგბტქ აქტივისტების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

„სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ პირს, ვინც თბილისში თანასწორობისთვის იბრძვის“, – დაწერა დემოკრატმა კონგრესმენმა ილჰან ომარმა 30 ივნისს.

1 ივლისს რესპუბლიკელმა სარა ჯეიქობსმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება აქტივისტების სიმამაცეს, რომლებიც „პრაიდის უსაფრთხოდ, ინკლუზიურად ჩატარებისა და საქართველოს ლგბტქ+ თემისთვის თანასწორი მომავლის უზრუნველსაყოფად იბრძვიან“.

კონგრესმენმა ენდი ლევინმა აღნიშნა, რომ მართალია საქართველოს ლგბტქ+ პირები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ადგილობრივი პოლიცია მათ ნაკლებად ეხმარება, ისინი მაინც იბრძვიან „თბილისი პრაიდის“ ჩასატარებლად.

„ადგილობრივი მხარდაჭერის ნაკლებობის მიუხედავად, საქართველოს ლგბტქ+ აქტივისტები განაგრძობენ „თბილისი პრაიდს“, მათი დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების ზომების გარეშე“, – დაწერა კონგრესში ლგბტქ+ აქტივისტების მხარდამჭერმა ჯგუფმა Twitter-ზე, და დასძინა, რომ „ლგბტქ+ პირები თბილისში უკან არ დაიხევენ და არც ჩვენ. მივესალმებით თქვენს გამბედაობას“.

მხარდამჭერი გზავნილი ასევე გააჟღერა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა, სამანტა ფაუერმა. მან არასამთავრობო ორგანიზაციის „თანასწორობის მოძრაობა“ ფოტო გააზიარა  და განაცხადა, რომ „USAID ამაყია იმით, რომ არის გლობალური მოკავშირე ყველა ხალხისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობის საქმეში“.

ადგილობრივი ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებულმა პრაიდის კვირეულმა და „ღირსების მარშმა“ მას შემდეგ მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება, რაც ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ დაანონსებულმა კონტრაქციებმა ლგბტქ+ აქტივისტების უსაფრთოების თაობაზე წუხილები აღძრა.

28 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, 28 ევროპარლამენტარმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას „თბილისი პრაიდის“ აქტივისტები და უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლების დაცვა. ანალოგიური განცხადება 30 ივნისს 20 დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებმაც გამოაქვეყნეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)