საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 30 ივნისი-1 ივლისს საფრანგეთს სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა, ასევე თაობათა თანასწორობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1 ივლისს ფრანგ კოლეგასთან შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რეგიონში ევროკავშირის ჩართულობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ აღდგენის საკითხზე, რომელსაც 2019 წელს ჩაეყარა საფუძველი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ადამიანთა გატაცებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
30 ივნისს, პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ-მდივანს შორის შეხვედრისას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების, კერძოდ, ზაზა გახელაძის დაკავების საკითხი განიხილეს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერევა და მის სწრაფად გათავისუფლებაში დაგვეხმარება“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე.
ასევე წაიკითხეთ:
- ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს 12.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- უსაფრთხოების სამსახური: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)