Site icon Civil.ge

ჯეიმს აპატურაი საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა 

, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა, 2 ივლისი, 2021, ფოტო: სალომე ზურაბიშვილის Twitter-დან

ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალულ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში საქართველოს ბოლო ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.

2 ივლისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა, რომელიც საერთაშორისო მეგობრებისთვის არის განკუთვნილი. პრეზიდენტის თქმით, წლების განმავლობაში აპატურაის მიერ განხორციელებული საქმიანობა „გვეხმარება დავინახოთ მკაფიო გზა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯეიმსმა ეს ჯილდო ნამდვილად დაიმსახურა“.

დაჯილდოების ცერემონიალზე ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ პოსტზე ათწლიანი საქმიანობის განმავლობაში, იგი „ნატოსა და ნატოს წევრობისკენ საქართველოს მიერ გადადგმული კონკრეტული და არსებითი ნაბიჯების“ მომსწრე იყო. „მჯერა, რომ საქართველოს სახლი ჩვენთანაა, რომ თქვენ ჩვენი, ნატოს ოჯახის ნაწილი ხართ და ჩვენც თქვენი“.

2 ივლისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე, მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი, სექტემბერში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

საქართველოს პარლამენტში ჯეიმს აპატურაი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, ასევე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის დეპუტატებს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლტიკურ პროცესებს. მანვე პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, 19 აპრლისის შეთანხმების შესაბამისად რეფორმების განხორციელების, ასევე კარგად ფუნქციონირებადი პარლამენტისა და მთავრობის უზრუნველყოფის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)