Site icon Civil.ge

ირაკლი კობახიძის თქმით, „პრაიდის“ უკან „რადიკალური ოპოზიცია“ დგას

ირაკლი კობახიძე, ფოტო: facebook.com/KobakhidzeOfficial

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დედაქალაქის ქუჩებში ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მოწყობილი მასობრივი არეულობის ფონზე განაცხადა, რომ „„პრაიდის“ რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები“.

„ის, რაც დღეს ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ „პრაიდის“ უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის – ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ისინი „პრაიდის“ ორგანიზატორებს ვითარების შესაძლო ესკალაციისა და აგრესიის შესახებ აფრთხილებდნენ.

„საზოგადოების დაპირისპირება, ვითარების დაძაბვა, ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფვოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. ვხედავთ, რომ ამ მიზნების მისაღწევად ისინი ახლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი“, – ხაზი გაუსვა მან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დაგმო ძალადობა, განსაკუთრებით ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი და ხაზი გაუსვა, რომ მას „არ აქვს არავითარი გამართლება და თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს“.

„თბილის პრაიდის“ ორგანიზატორებმა ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან ნაციონალურ მოძრაობასთან შესაძლო კავშირების შესახებ ბრალდებები უკვე უარყვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)