სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ სამხრეთ კავკასიაში 6-9 ივლისის ვიზიტი საქართველოთი დაიწყო. იგი უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, დეპუტატებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს.
ევროკომისარმა განაცხადა, რომ ქართველ დეპუტატებთან შეხვედრაზე მან 5-6 ივლისის მოვლენები განიხილა და ხაზი გაუსვა, რომ „ძალადობა და ვანდალიზმი უკიდურესად მიუღებელია“. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მას ძალადობამ და დისკრიმინაციამ ხელი არ უნდა შეუშალოს.
ევროკომისარი მიესალმა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის წინ ევროპის დროშა მას შემდეგ ხელახლა აღმართეს, რაც წინა დღეს, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ის ჩამოხსნეს და დაწვეს.
შეხვედრას ყველა პოლიტიკური პარტიის დეპუტატები დაესწრნენ, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ხატია დეკანოიძე, ლელო საქართველოსთვის დეპუტატი ბადრი ჯაფარიძე და ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
„ახლა ყველა პარტიამ ხელი უნდა მოაწეროს 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას და ერთად იმუშაონ მისი განხორციელებისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა. მას ნაციონალური მოძრაობა ჰყავდა მხედველობაში, რომელსაც შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია.
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, 6 ივლისს საქართველოს პატრიარქთან შეხვედრაზე ევროკომისარმა პირობა დადო, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ „კვლავაც გაგრძელდება და კიდევ უფრო ქმედითი იქნება“. ამავე ინფორმაციით, ევროკომისარმა ვარჰეიმ რამდენიმე ტაძარი მოინახულა, მათ შორის, დაათვალიერა მცხეთის ჯვრის მონასტერი.
ევროკომისრის საქართველოში ვიზიტის მიზანი ასევე არის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა წარადგინოს, რომლის ფარგლებშიც 2.3 მლრდ ევროს მობილიზება მოხდება. ვარჰეის თქმით, გეგმა მხარს დაუჭერს შავ ზღვაზე კავშირების განვითარებას, მათ შორის, „საბორნე ხაზების მეშვეობით, რომლებიც საქართველოს ევროკავშირების ქვეყნებს დაუკავშირებს“.
მოგვიანებით, ევროკომისარი ვარჰეი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდება. ამის შემდეგ იგი შემდეგაც აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)