საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თბილისში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს, ანარ კარიმოვს უმასპინძლა და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას. „მინისტრმა კარიმოვმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა წარმატებული მედიაციისთვის, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკები გადაეცა“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, ღარიბაშვილმა დაადასტურა მზაობა, მომავალშიც შეასრულოს მედიატორის როლი, რათა „ხელი შეუწყოს დიალოგის პროცესს, რომელიც მიმართულია რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ“.
ამას გარდა, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს ბაქოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და თავადაც კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, ანარ კარიმოვი 6 ივლისს ქართველ კოლეგას, თეა წულუკიანს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს და თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდა.
ასევე წაიკითხეთ:
- პრემიერ-მინისტრი ბაქოს სტუმრობს
- ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან დავით გარეჯის საკითხი განიხილა
- აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თბილისს სტუმრობს
- ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები „შესანიშნავია“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)