Site icon Civil.ge

პრემიერი გადადგომას არ აპირებს და კვლავ სახელმწიფოს წინააღმდეგ „შეთქმულებზე“ საუბრობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფოტო: მთავრობის პრესსამსახური

„რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა 11 ივლისს მისი გადადგომის მოთხოვნით გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციის საპასუხოდ, რომელიც ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 5 ივლისს ნაცემი „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა.

„ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ სცადეს გამოეყენებინათ ამ ადამიანის ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას“, – თქვა ირაკლი ღარიბშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციური ტელევიზიები – „მთავარი არხი“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“, „პირდაპირ იმართება“ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ და „მათი მოპარული ფინანსებით“.

მანვე იმავე შინაარსის ბრალდებები მოძრაობა „სირცხვილიას“ მიმართაც გააჟღერა, რომელიც 5 ივლსს დაგეგმლი „ღირსების მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. მარში სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა და ძალადობრივი კონტრაქციის გამო გაუქმდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „რევანშისტული ძალების“ მიზანი არის, რომ „როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება დ ისევ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში“. „რაც, რა თქმა უნდა, მიუღწეველია“, – დასძინა მანვე.


გუშინდელი აქციის მონაწილეებმა პრემიერ მინისტრისა და მისი კაბინეტის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ თუკი დღეს 12:00 სთ-მდე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პარლამენტის წინ 18:00 სთ-ზე პროტესტი განახლდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)