საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 12 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე, კიდევ ორ ვიცე-პრემიერად კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დანიშნა.
თეა წულუკიანი, რომელიც საქართველოს კულტურის მინისტრად მიმდინარე წლის მარტში დაინიშნა, 2012-2020 წლებში ქართული ოცნების ხელისუფლების უცვლელი იუსტიციის მინისტრი იყო. მან თანამდებობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დატოვა და საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. წულუკიანმა დეპუტატის რანგში მხოლოდ 3 თვე იმსახურა.
რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, იგი სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს 2016 წლიდან იკავებს. მანამდე, 2014-2016 წლებში დავითაშვილი ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო.
ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებს ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რომელიც ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვალში დანიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)