Site icon Civil.ge

ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე 12 პირი დააკავეს

საპროტესტოს აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბნენ, 12 ივლისი, 2021, ფოტო: კადრი „რადიო თავისუფლების“ ვიდეოდან

„ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მოქალაქეების პროტესტის გამოსახატად გუშინ პარლამენტის წინ კვლავ შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი – ქართული ოცნების ოფისისკენ გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით 12 პირი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციური პარტიების წევრები, კერძოდ – თენგიზ კირთაძე და ცოტნე ლომიძე „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ და თაზო დათუნაშვილი „ლელოდან“. ასევე, აქტივისტები ლუკა იმედაშვილი მოძრაობა „სირცხვილიადან“ და შუშანა მაცაბერიძე მოძრაობა „დროას“ წარმომადგენელი. გუშინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წამყვანი ირაკლი აბსანძეც დააკავეს.

დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ქართული ოცნების ოფისს კვერცხები დაუშინეს და წითელი საღებავის შესხმას შეეცადნენ. ემოციები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაშქარავას გარდაცვალების თაობაზე შუალედური ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, რომელსაც დაახლოებით ერთი კვირის წინ, ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, შესაძლოა, ნარკოტიკული ნივთიერებით ზედოზირება ყოფილიყო. ლაშქარავას ოჯახი, მეგობრები და კოლეგა ჟურნალისტები ექსპერტიზის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ.

დაკავებები აქტივისტებსა და პოლიციას შორის მცირე შეხლა-შემოხლის ფონზე მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი აბსანძემ დაკავებისას ხელი მოიტეხა. კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ აბსანძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ვიდეოჩანაწერში პოლიციელის ხმა ისმის, რომელიც აბსანძეს დაკავების წინ ეუბნება: „ჟურნალისტი როგორ ხარ… ნასვამი ბრძანდებით და ძაღლით ბრძანდებით და თქვენ პროფესიულ საქმიანობას არ ახორციელებთ“. ჟურნალისტი უარყოფს, რომ ის ნასვამია. მას შემდეგ, რაც შსს-მ ლაშქარავას შესაძლო ზედოზირებით გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პირველად გააჟღერა, აბსანძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე პრემიერ-მინისტრისა და შსს-ს მიმართ რამდენიმე კრიტიკული პოსტი დადო.

კოალიციამ აღნიშნა, რომ ირაკლი აბსანძე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს აპროტესტებდა და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა. კოალიციამ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს „თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან“.

დაძაბულობა თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ სასტიკად ცემიდან ექვს დღეში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)