Site icon Civil.ge

შსს-ს თქმით, „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ზედოზირება ყოფილიყო

პოლიცია „ღირსების მარშის“ კონტრაქციაზე. 5 ივლისი, 2021, თბილისი, რუსთაველის გამზირი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 ივლისს ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნის საფუძველზე თქვა, რომ 5 ივლისს ჰომოფიბიური ჯგუფების მიერ ნაცემი „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას ცხედრიდან აღებულ ნიმუშში ნარკოტიკული საშუალებების – „მორფინის“, „კოდეინის“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“, „გაბაპენტინის“ და „მონოაცეტილმორფინის“ კვალი აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ექსპერტიზის მიხედვით, ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ამ ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება ყოფილიყო.

ამავე ინფორმაციით, გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაა დანიშნული, რომელშიც ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტიცაა ჩართული.

შსს-მ სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეოებიც გაასაჯაროვა, რომლებიც უწყების მტკიცებით, ადასტურებს, რომ ლაშქარავამ ერთ-ერთ აფთიაქში ფსიქოტროპული პრეპარატები და ერთჯერადი შპრიცები, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში კი – ნარკოტიკული საშუალებები შეიძინა.

მანამდე, „ტელეკომპანია პირველის“ მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ თქვა, რომ ლაშქარავა მორფინს ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, მისთვის 5 ივლისის აქციაზე თავისა და სახის არეში მიყენებული ტრავმების შედეგად გამოწვეული ტკივილების გასაყუჩებლად იღებდა.

ლაშქარავას დედამ, რომელიც სახელმწიფო ექსპერტიზას უნდობლობას უცხადებს, იგივე გაიმეორა და თქვა, რომ ექსპერტიზა მისი ვაჟის ცხედარში მორფინს აღმოაჩენდა. მისივე თქმით, ექსპერტებს ტკივილგამაყუჩებელი ნარკოტიკების შესახებ ინფორმაციის მოძიება ექსპერტებს მის სამედიცინო ისტორიაშიც შეეძლოთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)