Site icon Civil.ge

მოლდოვა: პროდასავლური უმრავლესობა

ამომრჩევლები მოლდოვეთის საელჩის წინ, ბუქარესტში. ემიგრანტების ხმები დიდად დაეხმარა პროევროპულ პარტიას. ფოტო: EPA/Robert Ghement

მოლდოვაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პროდასავლურმა პარტიამ „მოქმედება და სოლიდარობა“, რომლის არაფორმალური ლიდერიც პრეზიდენტი მაია სანდუა. მოლდოვის ისტორიაში ერთმა პროდასავლურმა პარტიამ ამომრჩეველთა მსგავსი მხარდაჭერა პირველად მიიღო. პროდასავლურ კოალიციებსა და კომპარტია/სოციალისტების ალიანსს შორის პოლიტიკური გახლეჩილობის ხანგრძლივი პერიოდი დასრულდა. ამ არჩევნების შედეგად ყველა სახელისუფლო შტო პროდასავლური ძალების გავლენის ქვეშ აღმოჩნდება.

რა მოხდა

2021 წლის 11 ივლისს მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც არჩევნებში პროდასავლური პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტიამ „მოქმედება და სოლიდარობა“ გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახა: ყოფილი პრეზიდენტების – ვლადიმირ ვორონინისა (2001-2009) და იგორ დოდონის (2016-2020) „კომუნისტებისა და სოციალისტების“ ბლოკმა და ნაციონალურ-კონსერვატიული იდეოლოგიის პარტია „შორმა“, რომლის ლიდერის, ბიზნესმენ ილან შორის სახელი 2014 წელს სამი მოლდოვური ბანკიდან ერთი მლრდ აშშ დოლარის მოპარვას უკავშირდება.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი

საპარლამენტო არჩევნებში პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ გამარჯვების შედეგად ძალაუფლების ყველა შტო: პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, და საკონსტიტუციო სასამართლო, პროდასავლური ძალების ხელში აღმოჩნდება. დამაჯერებელი უმრავლესობა მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს საშუალებას მისცემს სტაბილური კაბინეტი შექმნას დაპირებული რეფორმების განსახორციელებლად და დასავლური საგარეო-პოლიტიკური ვექტორის გასაძლიერებლად.

რას უნდა მოველოდეთ:

ანალიზი

წარმავალი პარლამენტი

2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსი პრეზიდენტის, იგორ დოდონის სოციალისტურმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა (31.35%) მიიღო, რაც არასაკმარისი იყო მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად. მეორე ადგილზე სანდუს „მოქმედება და სოლიდარობისა“ და პლატფორმა „ღირსება და სიმართლის“ გაერთიანება გავიდა 26.39%-ით, მესამე ადგილი კი ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკის დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო. მანდატების მცირე რაოდენობა კი პარტია „შორ“-ს ერგო.

დოდონისა და სანდუს მოულოდნელი პოლიტიკური გარიგების შედეგად, მთავრობის მეთაური სანდუ გახდა. ახალი ალიანსის ფორმირება ერთდროულად მოიწონეს მოსკოვში, ბრიუსელსა და ვაშინგტონშიც. ამ გაერთიანების შედეგად, ქვეყნის დატოვება მოუწია პლახოტნიუკს, რომელიც მანამდე ქვეყნის არაფორმალური მმართველი იყო. სანდუს პრემიერობამ დიდხანს არ გასტანა და მისი ჩამოშორების მიზნით, დოდონი უკვე პლახოტნიუკს გაურიგდა, რომლის მხარდაჭერის შედეგად სანდუს მთავრობა დაიშალა. სანდუმ პოლიტიკური რევანშისთვის მზადება დაიწყო.

რატომ ვადამდელი არჩევნები?

2020 წელს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც არჩევნების მეორე ტურში სანდუმ დოდონი დაამარცხა. სანდუმ ხმების 57.71% მიიღო და ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

სანდუს გამარჯვების მიუხედავად, პროდასავლურმა ძალებმა სრული ძალაუფლების აღება ვერ შეძლეს. მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა, 101 დეპუტატით. სანდუს პარტიას პარლამენტში უმნიშვნელო წარმომადგენლობა, სულ 15 დეპუტატი ჰქონდა. პარლამენტში მთავარი ძალა დამარცხებული პრეზიდენტის – დოდონის სოციალისტური პარტია იყო 37 დეპუტატით, რომელიც მოკავშირეებთან ერთად მანდატების უმრავლესობას – 54 დეპუტატს აკონტროლებდა. შედეგად, სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტები – ნაწილი პრეზიდენტის მიერ დანიშნული, ნაწილი კი ოპოზიციური პარლამენტისა – ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და სანდუს რეფორმების გასატარებლად გასაქანი არ მიეცა.

დოდონმა სანდუს პრეზიდენტობის პირველი თვეებშივე შეუქმნა პრობლემები, არ მისცა პრემიერ-მინისტრის მისაღები კანდიდატის დანიშვნის შესაძლებლობა, საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ მომუშავე უწყებებში კი საკუთარი ხალხის დაწინაურება დაიწყო.

შექმნილ ვითარებაში სანდუსთვის გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იყო. ეს მისი წინაასაარჩევნო დაპირებაც იყო. მრავალთვიანი პოლიტიკური დაპირისპირების შედეგად მან არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილების მიღება 28 აპრილს შეძლო.

წინასაარჩევნო პროგნოზები

წინაასაარჩევნო გამოკითხვები სანდუს პარტიის უპირატესობაზე მიუთითებდა. პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი დოდონის მომხრე მედია საშუალებებიც, რომლებიც სანდუს პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას სრული დესტაბილიზაციით, „უკრაინული სცენარის“ განვითარებით, ნატოს „მოსვლითა“ და მართლმადიდებელი მოლდოვისთვის უცხო ღირებულებების თავსმოხვევით აფრთხობდნენ.

წინაასაარჩევნო ალიანსი სანდუს წინააღმდეგ

დოდონმა საარჩევნო ბლოკი კომუნისტებთან შეკრა. კომუნისტები დოდონზე მაღალი წარმოდგენის არ არიან, მაგრამ მათთან გაერთიანებას „ქვეყნის გადარჩენის“ მიზნით დასთანხმდნენ.

წინასაარჩევნოდ, დოდონი რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც შეეცადა. აპრილში ის მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის ხელისუფლებისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის – „სპუტნიკ V“ 142 ათასი დოზა ჩამოიტანა. მაისში კი მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოსაც ეწვია, რომელსაც ქვეყნის შიდა საქმეებში დასავლური ძალების ჩარევაზე ესაუბრა. „დასავლეთის ხელზე“ ისაუბრეს მოსკოვშიც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 9 ივლისს, აშშ-სა და ევროკავშირს მოლდოვის არჩევნებში ჩარევაში დასდო ბრალი.

ვინ რამდენი ხმა და მანდატი მიიღო?

სულ არჩევნებში 22 პარტია, ორი ბლოკი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობდა. პარტიას 5-%-იანი ბარიერი უნდა გადაელახა, ბლოკს – 7%, დამოუკიდებელ კანდიდატს -2%. სრულად პროპორციულ არჩევნებში პარტია „მოქმედება და სოლიდარობამ“ ამომრჩეველთა ხმების 52.8% მიიღო, „კომუნისტებმა და სოციალისტებმა“ – 27.17%, „შორმა“ – 5.74%. სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, მათ შორის პარლამენტს მიღმა დარჩნენ  ცნობილი ბიზნესმენის რენატო უსატის საარჩევნო ბლოკი (4.11%), რომელზეც რუსეთში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, დემოკრატიული პარტია (1.82%), სანდუს ყოფილი მოკავშირე პლატფორმა „ღირსება და სიმართლე“ – 2.34%.

„მოქმედება და სოლიდარობა“ 101 ადგილიან პარლამენტში 51 მანდანტზე მეტს მიიღებს, რაც მას მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირების შესაძლებლობას მისცემს. ეს ჯამში სულ 63 მანდატი იქნება. „კომუნისტებისა და სოციალისტების“ ბლოკი 32 მანდატს მიიღებს, „შორი“ – 6 მანდატს

დიასპორის მხარდაჭერა

არჩევნებში ამჯერადაც დიდი როლი შეასრულეს მოლდოველმა ემიგრანტებმა. უკვე დიდი ხანია, რაც ქვეყნიდან ხალხი გარბის და სამუშაოს ევროპაში და რუსეთში ეძიებს. საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, რომელშიც 263 ათასი ემიგრანტი მონაწილეობდა, საპარლამენტო არჩევნებზე ნაკლები, 210 ათასი მივიდა. თუმცა, საზღვარგარეთ მცხოვრები მოლდოველების ხმების 85%-ზე მეტი სანდუს „მოქმედება და სოლიდარობამ“ მიიღო. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც სანდუმ გამარჯვება დიასპორის ხმების მობილიზაციით შეძლო.

ნიშანდობლივია, რომ ევროპაში მყოფმა მოლდოველებმა იაქტიურეს: იტალიაში 66 ათასზე მეტი ამომრჩეველი  მივიდა, გერმანიაში – 26 ათასი, საფრანგეთში- 23 ათასი, რუმინეთში – 15 ათასი. ბევრად ნაკლები მოლდოველი მივიდა რუსეთში – სულ 6 ათასი, რამაც დოდონს მხარდამჭერა მოაკლო. მისი ამომრჩეველი ძირითადად პრორუსულად განწყობილ გაგაუზიის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სეპარატისტულ დნესტრისპირეთში გამოვიდა, სადაც პრორუსული პარტიების სასარგებლოდ საგანგებოდ ხდება ხმების მობილიზება.

რა  მოხდება არჩევნების შემდეგ?

დოდონმა უკვე აღიარა მარცხი და აღნიშნა, რომ უკეთეს შედეგებს ელოდა. მან ოპოზიციაში გადასასვლელად მზადყოფნა გამოთქვა. ახალი პარლამენტი 27 აგვისტოს უნდა შეიკრიბოს. ბოლო ათწლეულში ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მთავრობის ფორმირება ერთ პარტიას შეუძლია.

არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე სანდუმ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ „ვიმედოვნებ, რომ მოლდოვა დღეს დაასრულებს რთულ პერიოდს, ქურდების მმართველობის ერას მოლდოვაში. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ და სარგებელი მიიღონ სუფთა პარლამენტისა და მთავრობისგან, რომლებიც ხალხის პრობლემებზე ზრუნავენ“. კორუფციის დამარცხება სანდუს ერთ-ერთი მთავარი დაპირებაც არის.

პირველ ეტაპზე სანდუს პანდემიასთან გამკვლავება და პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაც მოუწევს. ორივე ამ საკითხში მას დასავლეთის დახმარების იმედი აქვს, რომელიც ოპტიმისტურად უყურებს სანდუს მოღვაწეობას.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, კრემლში სანდუს საგარეო-პოლიტიკური ხედვები არ მოსწონთ. მაშინ როდესაც დოდონის დროს მოლდოვამ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებლის სტატუსიც კი მიიღო, სანდუს მმართველობის დრო რუსეთთან დაშორებაა მოსალოდნელი. მითუმეტეს, რომ სანდუს ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის მოთხოვნაა. სანდუს პროდასავლური მთავრობის ფორმირების შემდეგ გადადგმული საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯები კიშინიოვსა და მოსკოვს შორის დაპირისპირებას გაამწვავებს, რასაც მოსკოვის მხრიდან შესაძლოა პოლიტიკური ზეწოლა, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაში არასტაბილურობის ხელშეწყობა, გაზის ფასით მანიპულირება და/ან  რუსეთში აგროპროდუქტების ექსპორტზე ემბარგოს დაწესება მოჰყვეს.

დასკვნის მაგივრად

საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოლდოვაში პრორუსული ძალების გავლენა შესუსტდება. ძალაუფლება სრულად გადავა პროდასავლური ძალების ხელში, რაც პრეზიდენტ სანდუს ძირეული რეფორმების განხორციელებისა და დასავლური საგარეო-პოლიტიკური ვექტორის გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს. მოლდოვაში დიდი ხანია დაიკარგა ნდობა პოლიტიკური კლასის მიმართ, რომელსაც უზნეო პოლიტიკურ გარიგებებსა და კორუფციაში სდებენ ბრალს. ამ ფონზე, პროდასავლური სანდუსთვის მსგავსი უპრეცედენტო მხარდაჭერა ერთგვარი შანსია მოლდოვას ევროინტეგრაცია შეუქცევადი გახადოს. მეორეს მხრივ, სანდუს მთავრობის წარუმატებლობა კიდევ უფრო გააღრმავებს ისედაც ფართოდ გავრცელებულ უიმედობას. ამის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც საჯარო სამსახურის სრული დემორალიზაცია უკანასკნელი წლების პოლიტიკური გაურკვევლობის შედეგად და კვალიფიციური მმართველობითი კადრების ქვეყნიდან მასიური გადინება. ბუნებრივია, მოსალოდნელია რეფორმების ამა თუ იმ ფორმით საბოტაჟი პრო-რუსული ძალების მიერაც.