Site icon Civil.ge

1789: კაცთა და მოქალაქეთა უფლებების დეკლარაცია

შევიკრიბეთ რა დამფუძნებელ კრებად, ფრანგი ხალხის წარმომადგენლებმა ჩავთვალეთ, რომ კაცთა უფლებების არსის შესახებ უმეცრება, მათი დავიწყება და უგულვებელყოფაა საჯარო სიავისა და მთავრობათა გარყვნის (კორუფციის) უპირველესი წყარო. ამადაც გადავწყვიტეთ, საზეიმოდ განგვეცხადებინა კაცთა ბუნებრივი, განუყოფელი და წმინდა უფლებების შესახებ, რათა ეს დეკლარაცია, ჩვენი საჯარო სხეულის ყველა წევრის თვალსაწიერში მარად არსებობით, მუდმივად შეახსენებდეს მათ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს; რათა ნებისმიერ წამს იყოს შესაძლებელი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების აქტების შედარება ყოველი პოლიტიკური ინსტიტუტისათვის უზენაეს ამ მიზანთან, და ამრიგად დაივანოს მათ მიმართ უპირატესმა პატივისცემამ; რათა მოქალაქეთა მოთხოვნები, დაფუძნებული ამ მარტივ და უდავო პრინციპებზე, მარად ბრუნავდნენ კონსტიტუციის დაცვის გარშემო და ამით მიზნად ისახავდნენ საყოველთაო კეთილდღეობას.

შესაბამისად, უზენაესი არსების თანდასწრებითა და მისი ეგიდის ქვეშ, ეროვნული კრება აღიარებს და აცხადებს კაცისა და მოქალაქის შემდეგ უფლებებს:

მუხლი პირველი: ყოველი კაცი თავისუფალი და უფლებებით თანასწორი იბადება და ამგვარად რჩება. ნებისმიერი წარჩინება მხოლოდ საზოგადო სიკეთისათვის გაღებულ წვლილს უნდა ეფუძნებოდეს.

მუხლი მეორე: ნებისმიერი პოლიტიკური ერთობის ამოცანა კაცთა ბუნებრივი და განუყოფელი უფლებების დაცვაა. ეს უფლებებია თავისუფლება, საკუთრება, უსაფრთხოება და წინააღმდეგობა ჩაგვრისადმი.

მუხლი მესამე: სუვერენობის პრინციპის პირველადი სავანე ერია. არც ერთ ერთობას, ან პიროვნებას, არ გააჩნია უფლება ისარგებლოს ძალაუფლებით, თუკი ის ამ წყაროდან პირდაპირ არ მომდინარეობს.

მუხლი მეოთხე: თავისუფლება წარმოადგენს შესაძლებლობას, გააკეთო ყველაფერი, რაც არ ზღუდავს სხვას: ამდენად, კაცთა ბუნებრივი უფლებების გამოყენების საზღვრად მხოლოდ საზოგადოების სხვა წევრების მიერ ამავე უფლებების განხორციელების თავისუფალი შესაძლებლობა შეიძლება დაისახოს. ეს საზღვრები მხოლოდ კანონით შეიძლება დაწესდეს.

მუხლი მეხუთე: კანონი მხოლოდ საზოგადოებისთვის საზიანო მოქმედებებს შეიძლება კრძალავდეს. ყოველი ქმედება, რაც არაა აკრძალული კანონით, არ შეიძლება შეიზღუდოს და არავის აქვს უფლება, დაავალდებულოს ვინმე ის აღასრულოს, რასაც კანონი არ მოითხოვს.

მუხლი მეექვსე: კანონი საჯარო ნების გამოხატულებაა. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს კანონების შექმნაში პირდაპირ, ანდა მათი წარმომადგენლების სახით. კანონი ერთი უნდა იყოს ყველასათვის: მაშინ, როცა ის იცავს, გინდ მაშინ, როცა სჯის. ვინაიდან ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის თვალში, ყოველს აქვს თანასწორი ღირსება, უფლება დაიკავონ საჯარო თანამდებობა მათი შესაძლებლობების შესაბამისად, ყოველივე მახასიათებლის განურჩევლად, გარდა მათივე სიქველისა და ნიჭისა.

მუხლი მეშვიდე: არავინ შეიძლება ბრალდებული, დაკავებული ან დაპატიმრებული იქნეს გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა და კანონით დადგენილი წესით. ყოველი, ვინც მოითხოვს, ხელს შეუწყობს, განახორციელებს ან სხვას დაავალებს უკანონო ბრძანების შესრულებას, უნდა დაისაჯოს; ოღონდაც, ყოველი მოქალაქე, რომელიც კანონის ძალით იქნება მოწოდებული გამოცხადდეს, ან დაკავებულ იქნეს, მეყსეულად უნდა დაემორჩილოს კანონს: დაუმორჩილებლობით ის დანაშაულს ჩაიდენს.

მუხლი მერვე: კანონით მხოლოდ აშკარად აუცილებელი სასჯელი შეიძლება დაწესდეს; არავინ შეიძლება დაისაჯოს თუ არა კანონით, რომელიც დაწესდა და ძალაში შევიდა დასჯადი ქმედების განხორციელებამდე, და გამოყენებულ იქნა კანონიერი წესით.

მუხლი მეცხრე: ყოველი კაცი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ ის დამნაშავედ არ გამოცხადებულა; და თუკი მისი დაკავება აუცილებლად ჩაითვლება, მისი პიროვნების დასწრების უზრუნველსაყოფად საჭიროზე მეტი ძალის გამოყენება მკაცრად უნდა იყოს დასჯილი კანონით.

მუხლი მეათე: არავინ უნდა შეავიწროვონ მისი მოსაზრებების, თუნდაც რელიგიურის, გამო, თუკი ამ აზრის გამოხატვა არ არღვევს კანონით დადგენილ საჯარო წესრიგს.

მუხლი მეთერთმეტე: საკუთარი აზრებისა და ფიქრების თავისუფლად გამოხატვა კაცის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული უფლებაა: ამრიგად, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ისაუბროს, წეროს, ბეჭდოს თავისუფლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონითაა დადგენილი ამ თავისუფლების ბოროტად გამოყენების გარემოებები.

მუხლი მეთორმეტე: კაცისა და მოქალაქის უფლებების დასაცავად საზოგადოებრივი ძალების გამოყენებაა საჭირო: ამგვარი ძალები დაფუძნებულად ცხადდება ყველას საკეთილდღეოდ და არა იმათთვის რაიმე უპირატესობის მისანიჭებლად, ვისაც ამ მოვალეობის განხორციელება დაევალება.

 მუხლი მეცამეტე: საზოგადოებრივი ძალების შესანახად და ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად აუცილებელია საჯარო გადასახადების შემოღება, რომელიც თანასწორად უნდა გადანაწილდეს ყველა მოქალაქეს შორის, მათი შესაძლებლობების შესაბამისად.

მუხლი მეთოთხმეტე: ყველა მოქალაქეს აქვს უფლება თავად ან მათი წარმომადგენლების სახელით დაადგინონ საზოგადოებრივი გადასახადის აუცილებლობა, ნებით დაეთანხმონ შენატანის გადახდას, თვალყური ადევნონ ხარჯვას, დაადგინონ მისი ოდენობა, გადამხდელთა რაოდენობა თუ ვინაობა, დაფარვის წესი და ხანგრძლივობა.

მუხლი მეთხუთმეტე: საზოგადოებას აქვს უფლება ნებისმიერ საჯარო მოხელეს ანგარიში მოსთხოვოს.

მუხლი მეთექვსმეტე: საზოგადოება, რომელშიც უფლებების გარანტია არაა დაცული და ხელისუფლების დანაწილება არაა განსაზღვრული, არ შეიძლება ითვლებოდეს კონსტიტუციურად.

მუხლი მეჩვიდმეტე: რამდენადაც საკუთრების უფლება ხელშეუვალი და წმინდაა, ის არავის შეიძლება ჩამოერთვას, გარდა შემთხვევებისა, როცა იურიდიულად დასაბუთებულია საზოგადოებრივი აუცილებლობა, ხოლო საკუთრების დათმობა მოთხოვნილია ღიად, წინასწარი და სამართლიანი ანაზღაურების საფასურად.

ფრანგულიდან თარგმნა ჯაბა დევდარიანმა