19 ივლისს ინგლისში შეზღუდვები იხსნება მაშინ, როცა “დელტა ვარიანტი” ძალებს იკრებს. გასული წლის მარტიდან მოყოლებული „ნისლიანი ალბიონი“ ამა თუ იმ ფორმითა და რეჟიმით ფაქტობრივად მუდმივად საყოველთაო შეზღუდვების (ე. წ. „ლოქდაუნი“) პირობებშია. წელიწადნახევრიანი „ჟამიანობა“, როგორც ადამიანური კუთხით, ისე ეკონომიკურად, უაღრესად საზიანო გამოდგა ბრიტანეთისთვის. ქვეყნის მთავრობამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ბოლო „ლოქდაუნი“, რომელიც 5 იანვრიდან გამოცხადდა, სამუდამოდ უნდა დასრულებულიყო.
რა ხდება:
19 ივლისს ბრიტანეთის მთავრობამ 5 იანვარს შემოღებული „ლოქდაუნიდან“ გამოსვლის მეოთხე ეტაპი დაიწყო, თუმცა მხოლოდ ინგლისში. ახალი ეტაპი ფაქტობრივად ყველა სახის სავალდებულო წესის გაუქმებას, შესაბამისად საყოველთაო შეზღუდვების დასრულებას გულისხმობს და ამიტომ ქვეყნის მოსახლეობამ აღნიშნული თარიღი შეაფასა როგორც „თავისუფლების დღე“.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:
ბრიტანეთის მთავრობა ინგლისში „ლოქდაუნს“ გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ასრულებს. ქვეყანაში ე. წ. „დელტა“ (ინდური) შტამია გავრცელებული. თუმცა, მისი უდიდებულესობის მთავრობა ფსონს საყოველთაო ვაქცინაციის წარმატებაზე ჩამოდის: პოლიტიკოსებს და ექიმებს იმედი აქვთ, რომ ინფიცირების ზრდა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების მკვეთრ ზრდას არ მოიტანს.
საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფალთა ამ მიდგომას იზიარებს და „ლოქდაუნის“ დასრულებას ზარ-ზეიმით შეხვდა, მაგრამ ბევრისთვისაც ეს ნაბიჯი „დანაშაულებრივად“ არამართლზომიერი რისკია, რასაც ქვეყნისთვის შესაძლოა უმძიმესი შედეგები ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, წილი ნაყარია. ბრიტანეთი კვლავაც ან დადებითი პრეცედენტი იქნება ანდა უარყოფითი მაგალითი სხვებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
რას უნდა მოველოდეთ:
- ინგლისში „ლოქდაუნის“ დასრულება ინფიცირების მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის. ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის სტატისტიკაც მოიმატებს, თუმცა საყოველთაო ვაქცინაციის პირობებში ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გამოწვევას უნდა გაუმკლავდეს.
- კერძო და საჯარო კომპანიები (მაგ.: ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები) და რიგი დაწესებულებები მომხმარებელს მაინც მოსთხოვენ ისეთი საბაზისო წესების დაცვას, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.
- ინფიცირების მაჩვენებლის ზრდისა და გრიპის სეზონის მოახლოების ფონზე, მაღალი ალბათობით, შემდგომის ბოლოსთვის მთავრობა შეზღუდვების კვლავ გაამკაცრებს.
ანალიზი:
ინგლისში ბოლო „ლოქდაუნი“ 5 იანვარს კორონავირუსის ახალი, ე. წ. „ალფა“ (ბრიტანული) შტამის გავრცელების გამო გამოცხადდა. „ალფა“ შტამი მთელ ქვეყანას ცეცხლივით მოედო და ჯანდაცვის სისტემას უმძიმეს ტვირთად დააწვა. თუმცა, წარმატებული ვაქცინაციისა და უმკაცრესი შეზღუდვების დამსახურებით, გაზაფხულისთვის ეპიდემიამ უკან დახევა დაიწყო. ვითარების გაუმჯობესებამ ბრიტანეთის მთავრობა შეაგულიანა და „დაუნინგ სთრითმა“ „ლოქდაუნის“ კლანჭებიდან ხალხისა და ეკონომიკის ეტაპობრივი, თუმცა „საბოლოო და შეუქცევადი“ გამოთავისუფლება გადაწყვიტა.
შეზღუდვების შემსუბუქება 8 მარტს დაიწყო და ოთხ ეტაპად განხორციელდა. ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლისთვის მთავრობამ ხალხს და საკუთარ თავს აგრეთვე ოთხი პირობა წაუყენა: ვაქცინაციის წარმატებით გაგრძელება; ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირების მხრივ ვაქცინაციის ეფექტიანობა; ჯანდაცვის სისტემაზე მძიმე წნეხის თავიდან აცილება; და ახალი შტამების გავრცელების მიუხედავად ვითარების არსებითი უცვლელობა. „ლოქდაუნიდან“ გამოსვლის ფინალური ეტაპი 21 ივნისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ქვეყანაში „დელტა“ შტამის გავრცელების გამო „თავისუფლების დღე“ 19 ივლისამდე გადავადდა. 14 ივლისისათვის, ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, ინგლისში მოსახლეობის 87%-ს ვაქცინის ერთი დოზა აქვს მიღებული, 67%-ს კი – ორი.
ასე ნანატრი თავისუფლება
19 ივლისს ინგლისში „ლოქდაუნის“ ფაქტობრივი დასრულება ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო მდივანმა საჯიდ ჯავიდმა ქვეყნის პარლამენტში 12 ივლისს დაადასტურა. სასიხარულო ამბით აღტკინებულმა ბრიტანელმა პარლამენტარებმა ჯანდაცვის მდივანს სიტყვა შეძახილებით „ალილუია“ გააწყვეტინეს. მოგვიანებით, ბრიტანელ ხალხს შეზღუდვების გაუქმება პირადად ბორის ჯონსონმა ტელე-მიმართვით ახარა.
მეოთხე ეტაპზე გადასვლით გაუქმდა სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებული ყველა სავალდებულო წესი. კერძოდ, მოიხსნა რაოდენობრივი შეზღუდვა შეკრებებზე, ასევე გაუქმდა დახურულ სივრცეში ერთზე მეტი მეტრის დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების ვალდებულება. გაიხსნა ღამის კლუბები, რომლებიც მთელი პანდემიის მანძილზე დახურული იყო. პაბებსა და რესტორნებს მოეხსნათ მხოლოდ მაგიდის სერვისით მომსახურების ვალდებულება. გაუქმდა რაოდენობრივი შეზღუდვები სხვადასხვა ცერემონიებზე მიწვეული სტუმრებისა და ღონისძიებებზე დამსწრე პირთა მიმართ.
ერთი შეხედვით, ქვეყანა თითქოს პანდემიამდელ ცხოვრების წესს დაუბრუნდა, თუმცა ეს მთლად ასე არ აღმოჩნდა. მთავრობის მხრიდან გაკეთებული განცხადებებით გამოწვეულ ეიფორიას ცივი წყალი მალევე გადაასხა ლონდონის ლეიბორისტმა მერმა სადიქ ხანმა, რომელმაც ქალაქის სატრანსპორტო ქსელში პირბადის ტარების სავალდებულო წესი ძალაში დატოვა. ამასთან, ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავიდმა განმარტა, რომ 19 ივლისიდან ქვეყანა „სიფრთხილის ახალ ეტაპზე გადადის“ და მთავრობა მოსახლეობისგან „პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის გაგრძელებას მოელის“, რაც „ლოქდაუნის“ დასრულებისა და „ცხოვრების ნორმალურ წესზე დაბრუნებისგან“ არსობრივად განსხვავებული რიტორიკაა. ბორის ჯონსონს თუ დავესესხებით, „სახელმწიფოს მიერ შემოღებული სავალდებულო წესები“ მოსახლეობის „საღმა აზრმა და გაცნობიერებულმა არჩევანმა“ უნდა ჩაანაცვლოს.
„ჯონსონის შტამი“
ინგლისი და მთლიანად გაერთიანებული სამეფო ალბათ მართლაც დაუბრუნდებოდა ცხოვრების ჩვეულებრივ წესს, ქვეყანაში ვირუსის „დელტა“ შტამი რომ არ გავრცელებულიყო, რომელმაც გაზაფხულზე თავისი წარმოშობის ქვეყანაში, ინდოეთში აპოკალიფტური მასშტაბების კატასტროფა გამოიწვია.
„დაუნინგ სთრითის“ გეგმით, ივნისისთვის ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ასეული უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მთავრობა ქვეყანაში ახალი შტამების გამოვლენას არ გამორიცხავდა, თუმცა „უაითჰოლზე“ წარმატებული ვაქცინაციისა და მასობრივი ლოკალური ტესტირების ეიმედებოდათ. ასე მაგალითად, ბრიტანეთში თავდაპირველად ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი შტამებით ინფიცირებაც დაფიქსირდა, თუმცა მათი შეკავება მოხერხდა, ინდური შტამისგან განსხვავებით.
ინგლისში „დელტა“ შტამით ინფიცირების ერთეული შემთხვევები აპრილის შუა რიცხვებში გამოვლინდა, თუმცა უკვე მაისში შტამმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სწრაფი გავრცელება დაიწყო, ხოლო ზაფხულისთვის მთელ ბრიტანეთში დომინანტად იქცა და მანამდე არსებული ყველა სხვა შტამი ფაქტობრივად სრულად ჩაანაცვლა. „დელტა“ შტამის გავრცელებამ მთელ ბრიტანეთში ეპიდემიის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ივლისის შუა რიცხვებში ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 40 ათასს გადააჭარბა და ექსპერტები ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას ვარაუდობენ.
კრიტიკოსები ქვეყანაში „დელტა“ შტამის გავრცელებას მთავრობასა და პირადად ბორის ჯონსონს აბრალებენ. საქმე ის არის, რომ საგარეო პოლიტიკის მხრივ „ბრექსიტის“ შემდგომი ახალი, „გლობალური“ ბრიტანეთისთვის პრიორიტეტულ რეგიონად ინდო-ოკეანეთია დასახელებული და ამიტომ „დაუნინგ სთრითისთვის“ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინდოეთთან სტრატეგიული ურთიერთობების სწრაფი განვითარება. ამ მიზნით, გაზაფხულზე ბორის ჯონსონი ინდოეთში ვიზიტს გეგმავდა, რის გამოც ქვეყანა ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის „წითელ სიაში“ არ შეიყვანეს. საბოლოოდ, ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო ვიზიტი გაუქმდა, ქვეყანა „წითელ სიაში“ გადავიდა, თუმცა ამ ნაბიჯის დაყოვნების შედეგად „დაუნინგ სთრითს“ ბრიტანეთში „დელტა“ შტამი „შემოეპარა“. სწორედ ამიტომ ბრიტანეთის ოპოზიციამ „დელტა“ შტამი „ჯონსონის შტამად“ შერაცხა.
მხოლოდ ინგლისი?
ჯანდაცვის საკითხები უმეტესწილად ადგილობრივი ხელისუფლებების კომპეტენციაში შედის, რის გამოც პანდემიის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ესა თუ ის ზომა თუ რეჟიმი ძირითადად ინგლისზე ვრცელდებოდა, ხოლო დანარჩენი სამი ქვეყანა მოგვიანებით ან მსგავს ზომებს იღებდა ან სხვაგვარ რეჟიმს აწესებდა. არსებითი განსხვავებები ხშირ შემთხვევაში იგრძნობოდა შოტლანდიის მიმართ, სადაც როგორც წესი ინგლისზე უფრო მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. გამორჩეულად რთულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ უელსისა და ინგლისის სიმბოლური საზღვრის მიმდებარედ მცხოვრები ვალიელები, რომლებმაც არ იცოდნენ, კონკრეტულ შემთხვევაში ლონდონისთვის დაეჯერებინათ თუ კარდიფისთვის.
ადგილობრივ მთავრობებს ლონდონისგან განსხვავებული მიდგომები აქვთ „ლოქდაუნის“ დასრულების მხრივაც. უელსი, სადაც მოსახლეობის 90%-ი ერთხელ, 74% კი – ორჯერაა აცრილი, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ეტაპზე 17 ივლისს გადავიდა. კერძოდ, დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში არაუმეტეს 6 პირის შეკრება, ხოლო საჯარო სივრცეების მიმართ რაოდენობრივი ზღვარი მოიხსნა. ადგილობრივი მთავრობა იმედოვნებს, რომ ქვეყანა შეზღუდვების საბოლოო გაუქმებას 7 აგვისტოს შეძლებს, თუმცა პირბადის ტარების წესი ძალაში მაინც დარჩება.
პირბადის ტარება სულ მცირე შობამდე სავალდებულო იქნება შოტლანდიაშიც, სადაც შეზღუდვები ინგლისის მსგავსად 19 ივლისს გამარტივდა. აქ 89%-ია ერთხელ აცრილი, 66% კი – ორჯერ. ქვეყანაში გაიზარდა რაოდენობრივი ზღვარი ღია და დახურულ სივრცეში შეკრების მიმართ, ასევე შემსუბუქდა სოციალური დისტანციის წესებიც. „ჰოლირუდში“ ყველა დარჩენილი სავალდებულო წესის გაუქმებას, გარდა პირბადის ტარებისა, 9 აგვისტოს გეგმავენ. 26 ივლისს შეზღუდვები გამარტივდება ჩრდილოეთ ირლანდიაში (82% ერთხელ აცრილი, 66% – ორჯერ), სადაც ასევე შეკრებებზე რაოდენობრივი ზღვრის გაზრდასა და სოციალური დისტანციის წესების შერბილებას გეგმავენ.
დასკვნის სახით
ბორის ჯონსონი ბრიტანელ ხალხს დაჰპირდა, რომ მიმდინარე „ლოქდაუნი“ უკანასკნელი იქნებოდა, ამიტომაც შეზღუდვების შემსუბუქება პოლიტიკურ აუცილებლობად იქცა. პრემიერ-მინისტრი ასევე ირწმუნებოდა, რომ წარმატებული ვაქცინაციის შედეგად ზაფხულში ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდებოდა. თუმცა, „დელტა“ შტამის მძვინვარებამ ოპტიმიზმი საფუძვლიანად შეარყია. სწორედ შეზღუდვების მოხსნის კვირაძალს, გაერთიანებული სამეფოს ორივე დოზით აცრილი ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი კორონავირუსით დაინფიცირდა. მასთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაცაში გადავიდა და დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში გამოიკეტა პრემიერი ჯონსონიც.
ჯავიდი ამბობდა, რომ ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 100 ათასს მიაღწიოსო, თუმცა ვაქცინაციის იმედი ჰქონდა. ახლა მას საკუთარ თავზე მოუწევს ვაქცინის წარმატებულობის დემონსტრირება. ჯერჯერობით, სტატისტიკა საიმედოა.
გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე შეზღუდვების გაუქმება სარისკო ექსპერიმენტია. როგორც ოპოზიცია, ისე ექიმების ნაწილი მთავრობის ამ ნაბიჯს აკრიტიკებენ და თუ მათი ეჭვები გამართლდა, ჯონსონის კაბინეტს კარგი დღე არ დაადგება. მეორე მხრივ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ მოსწონს ის, „კოვიდ-პასპორტების“ გამოყენების რეკომენდაციები და წუწუნებს, ეს შეპირებული „თავისუფლება“ არ არისო. ჩანს, კოვიდის ანაბეჭდი არა მხოლოდ ჯანდაცვას, არამედ პოლიტიკასაც კიდევ დიდი ხანი გაჰყვება.