Site icon Civil.ge

შსს-მ 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავა

5 ივლისს „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, ფოტო: „მედიაჩეკერის“ ფოტოკოლაჟი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ჰომოფობიური ძალადობისას ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავა, მათგან ერთი დღეს, მეორე კი – 17 ივლისს.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულებმა, 5 ივლისს ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის დროს რუსთაველის ტერიტორიაზე, თაბუკაშვილისა და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა (154), დევნის (156) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის (225) მუხლებით მიმდინარეობს.

ამავე ოპერატორის ცემის საქმეზე შსს-ს კიდევ ოთხი პირი ჰყავს დაკავებული. შემთხვევა იმავე დღეს მოხდა, როდესაც ასევე „ტელეკომპანია პირველის“ კიდევ ერთ ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას დაესხნენ თავს. იგი 11 ივლისს გარდაიცვალა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)