მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქართული ოცნების სახელით დედაქალაქის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს.
კალაძის კანდიდატურა ცოტა ხნის წინ პარტიის თავმჯომარემ, ირაკლი კობახიძემ მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. კალაძის წარდგენის ცერემონია, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრები, ოცნების დეპუტატები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ჟურნალისტების პროტესტის ფონზე წარიმართა. ისინი პრემიერ-მინისტრისა და მისი კაბინეტის გადადგომას, ასევე 5 ივლისის მოძალადეთა დასჯას ითხოვენ.
შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლა კახა კალაძემ 5 ივლისს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო და თქვა, რომ „ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა!“.
„არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენ საზოგადოებაში“, – დასძინა მანვე და ხაზი გაუსვა, რომ „ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო“. მანვე აღნიშნა, რომ „ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა“.
დედაქალაქის მერობისას საკუთარ მიღწევებზე საუბრისას, კახა კალაძემ „მტკივენულ“ და „არაპოლულისტურ“ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც თბილისის განვითარებაში „თითქმის 30-წლიანი ქაოსი“ დაასრულა. „პრაქტიკულად, სრულად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დავაწესეთ ინფრასტრუქტურის განახლების ახალი სტანდარტი, შევქმენით ახალი გარემოსდაცვითი სტანდარტი, გავაშენეთ ახალი სკვერები და პარკები, ქალაქის მასშტაბით ავაშენეთ ახალი საბავშვო ბაღები“, – აღნიშნა მანვე.
დედაქალაქის სამომავლო განვითარების გეგმებზე საუბრისას, კალაძემ თქვა, რომ დედაქალაქის მთავრობა ეცდება „სიცოცხლით [გაავსოს] თითოეული თბილისური უბანი თუ ეზო“. „განახლება უკვე დაწყებულია, ამჯერად ჩვენი ყოველდღიური მუშაობის შედეგი ბევრად უფრო მოცულობითი, ბევრად უფრო ხელშესახები გახდება თითოეული თბილისელისთვის“, – თქვამ თბილისის მოქმედმა მერმა. „ჩვენი ამოცანაა… თბილისის ყველა უბანი გავხადოთ კიდევ უფრო მწვანე, კიდევ უფრო ლამაზი და სიცოცხლით სავსე“, – დასძინა მანვე.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე ქართული ოცნების ლიდერებს შორის საზოგადოების მხრიდან ყველაზე მაღალი კეთილგანწყობით სარგებლობს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის (89%) და ქართული ოცნების ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას (65%) შემდეგ, გამოკითხულების უმრავლესობა დადებითად (54%) სწორედ მას აფასებს.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, რამდენადაც მან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტოს. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, თუკი მმართველი გუნდი ამ არჩევნებზე ხმების 43%-ს ვერ მოაგროვებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
კახა კალაძე დედაქალაქი მერი ხმების 51.3%-ით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა. მას 17.49%-ით მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი, 16.53%-ით კი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მოსდევდნენ.
2012 წლიდან, მერად არჩევამდე, კალაძე ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე მსახურობდა. იგი ქართულ ოცნებას 2011 წელს შეუერთდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საპარლამენტო პროპორციული სიის პირველი ნომერი იყო. საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრიდან მალევე მან მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა.
პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვამდე კალაძეს წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. მან იტალიურ საფეხბურთო კლუბ „მილანთან“ ერთად უეფას ჩემპიონთა ლიტგა ორჯერ მოიგო. ამასთან, იგი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანიც იყო.
ასევე წაიკითხეთ:
- ოპოზიცია თბილისის მერის არჩევნებზე საერთო კანდიდატის წარდგენაზე ფიქრობს
- IRI-ის კვლევა: ახალ არჩევნებზე საზოგადოების აზრი თანაბრად იყოფა; მოსახლეობას ეკონომიკა აშფოთებს
- წინასწარი შედეგები: კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებს იგებს
- კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა
- კახი კალაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)