ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატმა კარენ დონფრიდმა 20 ივლისს განაცხადა, რომ ახალ თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, იგი 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი და სწრაფი განხორციელების საკითხს დააყენებს.
დონფრიდმა ხანგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. მისივე თქმით, იგი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ აპრილის შეთანხმებას მხარი დაუჭირონ.
აღნიშნა რა, რომ საქართველომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიის გასაძლიერებლად, დონფრიდმა განაცხადა, რომ „ქვეყანას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი“.
მისი თქმით, იგი კიდევ ერთხელ გამოხატავს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ, რაც მისი დემოკრატიის სიძლიერესთანაა „მიბმული“.
დონფრიდმა აღნიშნული მას შემდეგ განაცხადა, რაც სენატორმა ჯიმ რიშმა მას საქართველოს შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა.
სენატორმა რიშმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მას და სენატორ ჯინ შაჰინს ეგონათ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, რასაც საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა, „ახალი დასაწყისი იქნებოდა“. „მას შემდეგ, ჩვენ მუდმივად იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რაც იქ ხდება“, – განაცხადა მან.
სენატორის თქმით, ამერიკელი კანონმდებლები „არ აპირებენ, ვინმეს მხარე დაიკავონ“ ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებში მიუხედავად იმისა, რომ ქართული პარტიები ცდილობენ მათი მხარდაჭერის მოპოვებას „საკუთარ პოლიტიკური მანევრირების მიმართ“. მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ქვეყნის საკითხები თავად უნდა მოაგვარონ.
„მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი. მიდიხარ იმ აზრამდე, როდესაც გაინტერესებს არის, თუ არა დრო, რომ გადააფასო, თუ სად ვიმყოფებით“, – აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.
მანამდე, თავის გახსნით სიტყვაში, სენატორმა რიშმა განაცხადა, რომ ის ძალიან შეშფოთებულია საქართველოს მიერ „უკან გადადგმული ნაბიჯებით“, მათ შორის, 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობით და 19 აპრილის შეთანხმების დარღვევის გზით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)