ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 22 ივლისს საქართველოს კულტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის მიერ მათი ჟურნალისტის, ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევის ფაქტზე დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა.
„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ წულუკიანის ქმედება ერთი მხრივ არის „ძარცვა“, მეორე მხრივ კი – „ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა“. მანვე ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონის დაბრუნებაც მოითხოვა.
გვარამიას განცხადებით, კულტურის მინისტრის საქციელი „არის ძალიან სახიფათო“ და „მორიგი თავდასხმის ინსტიპარიცია ჟურნალისტებზე და ძალადობის მორიგი ტალღის წახალისება“. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მედია „განუწყვეტელი შეტევის ქვეშ არის“.
შემთხვევა გუშინ, სენაკში, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ფონდი ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნისას მოხდა.
მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის შემდეგ, თეა წულუკიანი ამბობს – „ქალბატონი ემა აღარ არის ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი“. მანვე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ დაესრულებინა ფრაზა „ბიძინას გაუმარ…“.
მოგვიანებით, ვიცე-პრემიერმა სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ მიკროფონით ე.წ. „სელფიც“ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ტელეკომპანიას რეგიონში ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა მოუწევს, რომელსაც „როცა თავს ესხმის რესპონდენტს აქვს შნო მარტივად არ განაიარაღებინოს თავი“.
მოგვიანებით, განახლებული თეატრის გახსნის ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სცენაზე ასულმა წულუკიანმა თქვა, რომ იგი მიკროფონს დააბრუნებს მაშინ, როდესაც ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს, 3 ოქტომბერს „დამარცხდება ის ძალა, რომელიც დღემდე ეჭიდავება საკუთარ ხალხს, ეჭიდავება საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს“. კულტურის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ძალაზე საუბრობდა, თუმცა დიდი ალბათობით, იგი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობდა.
მოვლენები იმ ფონზე ვითარდება, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელევიზიებს მმართველი გუნდი და საპატრიარქო „ფსიქოლოგიურ ძალადობაში“ ადანაშაულებენ. თავის მხრივ კი – ამ უკანასკნელთ 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს მედიის ნაწილი.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის გამოხმაურება
სამართალდამცველ ორგანოებს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და „სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების“ ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ბოლოდროინდელ განცხადებებზე მითითებით, კოალიციამ ასევე მოუწოდა „ყველა საჯარო პირს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს, შეწყვიტოს საზოგადოებაში მტრული განწყობების გაღვივება და მედიის დისკრედიტაცია“.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ძალადობის წახალისება, საჯაროდ გაემიჯნოს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის პრაქტიკას და მიიღოს ზომები მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის“, – განაცხადა კოალიციამ.
ასევე წაიკითხეთ:
- წულუკიანი „ფეიკ ნიუსების“ შემზღუდველი კანონის საჭიროებაზე საუბრობს
- RSF: ჟურნალისტის დაღუპვამ საქართველოში პრესის თავისუფლება კატასტროფის მიმართულებით წაიყვანა
- პრემიერი გადადგომას არ აპირებს და კვლავ სახელმწიფოს წინააღმდეგ „შეთქმულებზე“ საუბრობს
- გაენათელი მიტროპოლიტი ჟურნალისტს: „შენ უკვე მოგხვდა ერთხელ და კიდევ მოგხვდება“
- „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეების მასობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)