Site icon Civil.ge

საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედლები მოიპოვა

ვაჟა მარგველაშვილმა (მარცხნიდან პირველი) ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოში ვერცხლის მედალი მოიგო, 25 ივლისი, 2021, ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია

ქართველმა ძიუდოისტებმა – ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი ვერცხლის მედლები მოუტანეს.

25 ივლისს პირველი ვერცხლის მედალი 28 წლის ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ-ან წონით კატეგორიაში მოიპოვა. მარგველაშვილი ფინალში ოქროს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა. მანამდე, ნახევარ ფინალში მან კორეელი ბაულ ანი დამატებით დროში დაამარცხა.

ეს ვაჟა მარგველაშვილის პირველი ოლიმპიური ჯილდოა. ამასთან, იგი ძიუდოში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელია.

დღეს 73 კგ-იან წონით კატეგორიაში დღეს ვერცხლის მედალის მფლობელი გახდა 29 წლის ლაშა შავდათუაშვილიც. იგი ფინალში ოქროს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ მეტოქე შოჰეი ონოსთან დამარცხდა. ნახევარფინალში შავდათუაშვილმა კორეელ ჩანგრიმ ანის სძლია.

ეს ლაშა შავდათუაშვილის მესამე ოლიმპიური ჯილდოა. 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მან ოქროს, 2016 წელს კი – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი ძიუდოს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებსაც ფლობს.

საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე სპორტის 11 სხვადასხვა სახელობაში ჯამში 35 სპორტსმენით ასპარეზობს. ოქროს მედლის მფლობელს საქართველოს მთავრობა საჩუქრად 1 მლნ ლარს გადასცემს.

ზაფხულის რიგით 32-ე თამაშებმა სტარტი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისს აიღო და ის 8 აგვისტოს დაიხურება. ოლიმპიადა 2020 წლის ივლისში უნდა დაწყებულიყო, თუმცა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)