იუნესკომ 26 ივლისს საქართველოს კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.
ეს საქართველოს პირველი ბუნებრივი ძეგლია, რომელსაც მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ის ასობით სხვადასხვა სახის მცენარესა და ცხოველს აერთიანებს, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფთ.
შავი ზღვის სანაპიროს 80 კმ-იან ზოლზე მდებარე ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა 7 ნაწილისგან შედგება და მასში შედის, კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი.
კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც სამეგრელოსა და გურიის ნაწილია, 1999 წელს დაარსდა და ის უნიკალურ კოლხურ ტყესა და ჭაობებს ინახავს.
კინტრიშის დაცული ტერიტორიები სახელმწიფო ნაკრძალსა და დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი 1959 წელს დაარსდა, დაცული ლანდშაფტი კი – მის ბაზაზე 2007 წელს შეიქმნა. კინტრიშის დაცული ტერიტორია მდინარე კინტრიშის ხეობაშია მოქცეული, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის. ტერიტორია ვიზიტორებს საპიკნიკე და საკემპინკე ადგილებსაც სთავაზობს.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები 1998 წელს დაარსდა და ის უნიკალური ჭაობებით განთქმულ ქობულეთის ნაკრძალსა და აღკვეთილს აერთიანებს.
მტირალას ეროვნული პარკი 2007 წელს დაარსდა და ის მთიანი აჭარის რეგიონში მდებარეობს. პარკი, რომელიც უღრან ტყეებს მოიცავს, ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკოტურებს სთავაზობს.
კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების გარდა, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ასევე აქვთ გელათის მონასტერს, მცხეთის სვეტიცოხველს, ჯვრისა და სამთავროს მონასტრებს და ზემო სვანეთს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)