ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ რიკ დამსი 27-28 ივლისს საქართველოს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, ასევე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატებს.
საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე მხარეებმა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 5-6 ივლისის ჰომოფობიურ ძალადობასა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება „მოტივირებულია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში“.
ამავე ინფორმაციით, პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ 5-6 ივლისის მოვლენებისას „პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ყველა ძალადობის ფაქტი მოკლე დროში იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება“.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა „[19 აპრილის] შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულა და პროცესი გრძელდება“. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანიც ესწრებოდა.
- ევროკავშირის თქმით, მოსამართლეთა დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება
- კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე გაამწესა
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება იყო.
ამავე განცხადებით, რიკ დამსმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმების განხორციელებაში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შესული ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელსაც შეთანხმებისთვის ხელი ამ დრომდე არ მოუწერია.
მმართველი პარტიის დეპუტატებთან შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თამვჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე გიორგი ხელაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და რუსულ ოკუპაციაზე იმსჯელა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უშუალო დაკვირვების ქვეშ იყოს ის პროცესები რომელიც მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, – უთხრა რიკ დამსს ირაკლი კობახიძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოპოზიციონერ დეპუტატებს – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ხატია დეკანოიძეს, ლელოს დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს, რესპუბლიკური პარტიის დეპუტატ ხათუნა სამნიძეს, მოქალაქეების დეპუტატ ალეკო ელისაშვილსა და ევროპელი სოციალისტების დეპუტატ ფრიდონ ინჯიას შეხვდა.
„ჩვენ ცალსახად მივუთითებთ იმაზე, რომ, სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას ახასიათებს შეთანხმებების უპატივცემულობა, დარღვევა და ჩვენ ეს ვნახეთ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების პირობებშიც“, – თქვა ლელოს დეპუტატმა, ბადრი ჯაფარიძემ და დასძინა, რომ აუცილებელია „იყოს წნეხი ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, იმისათვის, რომ შეთანხმება სრულად განხორციელდეს“.
პარლამენტის პრესსამსახურისვე ცნობით, 27 ივნისს პრეზიდენტი დამსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
ვიზიტის ფრგლებში, რიკ დამსი იუსტიციისა და შს მინისტრებს – რატი ბრეგაძესა და ვახტანგ გომელაურსაც შეხვდება.
ასევე წაიკითხეთ:
- ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
- ქართული ოცნების სახელით დედაქალაქის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს
- ბლინკენი: „ღრმად შეშფოთებულნი“ ვართ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების გამო
- შსს-მ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციაზე 102 პირი დააკავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)