აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა, ნედ პრაისმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შვიდმა სენატორმა ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლა გააკრიტიკეს.
პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ შეთანხმებიდან გასვლა „ძირს უთხრის რეფორმების გზით ქვეყნის განვითარების შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის“. მან საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის ყველა პარტიას ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.
სენატორებმა ჯინ შაჰინმა, რონ ჯონსონმა, ჯიმ რიშმა, ბენ კარდინმა, რობ პორტმანმა, კრის ვან ჰოლენმა და ჯონ ბარასომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის „გადამწყვეტ დროს“ ქართული ოცნების მიერ შეთანხმებიდან „ცალმხრივად“ გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას „გულდასაწყვეტი“ უწოდეს.
მათი განცხადებით, ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები „ძირს უთხრის“ მრავალპარტიული შეთანხმებით გათვალისწინებულ ძალისხმევას, მათ შორის, „კრიტიკულად“ მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმებს.
„გულდასაწყვეტი იყო, რომ შეთანხმებას ხელი ყველა არჩეულმა პარტიამ არ მოაწერა ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა ის“, – დასძინეს სენატორებმა. საარჩევნო ბლოკი ენმ-ძალა ერთობაში, პატრიოტთა ალიანსი, ევროპული საქართველო და ლეიბორისტული პარტია, ის ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტები არიან, რომელთაც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს.
- ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის, 19 აპრილის შეთანხმებას ხელს არ აწერს
- ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს
თუმცა, სენატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ სწორედ „მმართველი პარტიის ვალია გვერდზე გადადოს პოლიტიკური განსხვავები და ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესები უზრუნველყოს“.
მათვე 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების, ასევე რეფორმების გზით კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის „განგრძობადი ძალისხმევის“ მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი. „საქართველოში დემოკრატიის განვითარების გზაზე ჩავარდნამ, შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანებისკენ სვლას, დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები. ამგვარი შედეგი სარგებელს მხოლოდ კრემლს მოუტანს“, – აღნიშნეს სენატორებმა.
ასევე წაიკითხეთ:
- შარლ მიშელი: ევროკავშირის დახმარება სასამართლო რეფორმაზეა დამოკიდებული
- ევროკავშირის თქმით, მოსამართლეთა დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება
- ბლინკენი: „ღრმად შეშფოთებულნი“ ვართ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების გამო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)