აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 28 ივლისს შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორები ჯერაც არ დაუკავებიათ.
„ძალიან კარგია იმის დანახვა, რომ ცალკეული პირები დააკავეს და მათ მიმართ გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ საქმეებზე საფუძვლიანი, მიუკერძოებელი, პროფესიონალური გამოძიება უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა და დასძინა, რომ „შემაშფოთებელია, რომ თავდასხმების ორგანიზატორები დაკავებულები არ არიან და ძალიან მკაფიოა, რომ ეს იყო მიზანმიმართული ორგანიზებული თავდასხმები […] მნიშვნელოვანია […], რომ ორგანიზატორებს [ამაზე] პასუხისმგებლობა დაეკისროთ“.
ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ „ყველა ცალკეული პირისა და ორგანიზატორის“, წინააღმდეგ, რომლებიც ჟურნალისტებსა და სხვა მოქალაქეებზე თავდასხმებში მონაწილეობდნენ გამოძიება უნდა დაიწყოს, პასუხისგებაში მიეცნენ და სადაც ეს შესაძლებელია კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ.
ხაზი გაუსვა რა, რომ მედიის თავისუფლება ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმები „განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო, რადგანაც ისინი ჟურნალისტების წინააღმდეგ კარგად ორგანიზებულნი იყვნენ და ეს იმ გამოხატულების ნაწილს წარმოადგენდა, რომელსაც ჩვენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ვაკვირდებით“.
აშშ-ის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ჰქონდეს „მკაფიო გზავნილები, რომ საქართველოში ძალადობა, სიძულვილის ენა, ორგანიზებული თავდასხმები მედიასა და სხვა მოქალაქეებზე მიუღებელია, მას შეწყნარება არ ექნება და [ამგვარ ქმედებებს] სამართლებრივი შედეგები მოჰყვება“.
- ომბუდსმენი ქვეყანაში „დაუსჯელობის სინდრომის“ წარმოშობის რისკებზე საუბრობს
- კელი დეგნანი: სანქციები არსებული „ბევრი ინსტრუმენტიდან“ ერთ-ერთია
- „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეების მასობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე
5 ივლისს ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებისას მედიის სულ მცირე 53 წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში გარდაიცვალა.
ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე შსს-ს ჯამში 25 პირი ჰყავს დაკავებული. უწყებას ძალადობის ორგანიზებისთვის ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
„თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიის სანდოობა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ასევე ისინი, ვინც წააქეზა ძალადობა, იქნას იდენტიფიცირებული. ისინი უნდა დააკავონ და მათ პასუხი უნდა აგონ კანონის სრული სიმკაცრით“, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 13 ივლისს.
პოლიციამ 16 ივლისს 5-6 ივლისს ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლების საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკა და ისინი გამოკითხვაზე გადაიყვანა. თუმცა, მიმდინარეობს თუ არა მათ მიმართ გამოძიება ძალადობის ორგანიზების საქმეზე ამ დრომდე უცნობია.
23 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ძალადობრივი აქციის დროს გამოვლენილი ყველა მოძალადე არის „დაჭერილი“ და „დასჯილი“.
ასევე წაიკითხეთ:
- გაენათელი მიტროპოლიტი ჟურნალისტს: „შენ უკვე მოგხვდა ერთხელ და კიდევ მოგხვდება“
- შსს-მ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- არასამთავრობოები სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობენ
- სასულიერო პირები დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ
- ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანზე თავდასხმისთვის პოლიციამ სამი პირი დააკავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)