Site icon Civil.ge

ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს

ნიკა მელია. ფოტო: facebook.com/Nika.Melia5

ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი პარლამენტს ტოვებს და მთელ ყურადღებას საარჩევნო კამპანიას დაუთმობს. მანვე აღნიშნა, რომ ენმ-ძალა ერთობიაშიას სხვა დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობას გააგრძელებენ.

მელიას თქმით, ქართული ოცნება შეთანხმებიდან იმიტომ გავიდა, რომ მას დოკუმენტის იმ ჩანაწერის შეეშინდა, რომლის მიხედვითაც, თუკი მოახლოებულ თვითმმრთველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ხმების 43%-ს ვერ მოაგროვებს, 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„ძალიან ცხადად დაინახა ქართულმა ოცნებამ, რომ იგი მარცხდება ამ არჩევნებში“, – თქვა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ „მნიშვნელობა არ აქვს, ქართული ოცნება აღიარებს თუ არ აღიარებს 43%-იან პრინციპს, ჩვენ გავალთ ამ რეფერენდუმზე და ჩვენ დავამარცხებთ ქართულ ოცნებას და ქართული ოცნება იქნება იძულებული რომ ჩაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“.

მანვე ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით „არანაირი სიტყვა არავინ დაძრას“. „მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს, რომ ისინი დარჩნენ ტექნიკურად, ფორმალურად პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ ქართულ ოცნებას“, – ხაზი გაუსვა მანვე.

„თუკი ამაზეც ხელი აიღეს, საერთაშორისო საზოგადოება კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახავს, რამხელა სივერაგესთან აქვთ მათ საქმე“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ.

19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ნებისმიერი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება ბარიერს, ის მომდევნო ორ არჩევნებში ბუნებრივ ბარიერსა და 2%-ს შორის უნდა მერყეობდეს. არსებული კანონმდებლობით, მოსახლეობა პარლამენტს სრულად პროპორციული წესით 2024 წლიდან აირჩევს, ბარიერი კი – 5%-ია.

საარჩევნო ბლოკმა ენმ-ძალა ერთობაშია პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო, თუმცა 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. ამ დროისთვის დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას. ნაციონალურ მოძრაობაში ხელმოწერაზე უარის მიზეზად 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენების ამნისტირების შესახებ პუნქტი დაასახელეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)