Site icon Civil.ge

ოფიციალური მოსკოვი „ Agile Spirit 2021“-ს ეხმიანება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი, ფოტო: kremlin.ru

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა საქართველოში 26 ივლისს დაწყებული მრავალეროვნული წვრთნების „Agile Spirit 2021“-ის შეფასებისას დღეს თქვა, რომ ნატოს აქტივობები რუსეთის საზღვართან მოსკოვს ავალდებულებს ყურადღებით დააკვირდეს პროცესს და „მიიღოს ზომები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

პესკოვის შეფასებით, წვრთნები, რომელშიც ალიანსის 12 მოკავშირე სახელმწიფო მონაწილეობს, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა“ რუსეთის საზღვრებთან შემხებლობაში მოდის.

„ნატო არ მალავს ვინ არის მისი მთავარი მოწინააღმდეგე და მნიშვნელოვანია, რომ „Agile Spirit 2021“-ის სცენარი რუსეთთან მიმართებით ფარულ ქმედებებს არ გულისხმობდეს“, – განაცხადა პესკოვმა.

მრავალეროვანი სამხედრო სწავლება, რომელიც 6 აგვისტოს დასრულდება, საქართველოს მასშტაბით შემდეგ ხუთ ადგილას ტარდება – სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორია; სორტა/ეკის საწვრთნელი ბანაკი; ორფოლოს პოლიგონი; ვაზიანის პოლიგონი და ვაზიანის სამხედრო აეროდრომი.

სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 2 500-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს, რომელთაგან 1 600 საქართველოს, 700 აშშ-ს, დანარჩენი 250 კი – სხვა ქვეყნების სამხედროები არიან.

წვრთნების მიზანი რეგიონის უსაფრთხოებისა და მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)