Site icon Civil.ge

შსს-მ „ტვ პირველის“ ოპერატორზე ძალადობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავა

პოლიცია „ღირსების მარშის“ კონტრაქციაზე. 5 ივლისი, 2021, თბილისი, რუსთაველის გამზირი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობისას „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავაზე თავდასხმის საქმეზე, რომელიც მასზე ძალადობიდან ექვს დღეში გარდაიცვალა, კიდევ 1 პირი დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებულის მიმართ გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა (154), დევნის (156) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის (225) მუხლებით მიმდინარეობს. „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობის საქმეზე შსს-ს ჯამში 6 პირი ჰყავს დაკავებული.

შსს-მ ქიმიური ექსპერტიზის პირველად შედეგებზე დაყრდნობით თქვა, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება ყოფილიყო. გარდაცვლილის ოჯახი და ახლობლები უწყების ვერსიას არ ენდობიან და აცხადებენ, რომ ალექსანდრე ლაშქარავა მორფს 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გამოწვეული ტკივილის გაყუჩებისთვის იყენებდა.

5 ივლისს დედაქალაქში ჰომოფობიურ ნიადაგზე ჟურნალისტებზე ძალადობისას მედიის მინიმუმ 53 წარმომადგენელი დაშავდა. ჯამში 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე შსს-ს სულ 25 პირი ჰყავს დაკავებული.

ასევე წაიკითხეთ: