Site icon Civil.ge

შსს-მ 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავა

პოლიცია „ღირსების მარშის“ კონტრაქციაზე. 5 ივლისი, 2021, თბილისი, რუსთაველის გამზირი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 ივლისის განცხადებით, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმის საქმეზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორზე ძალადობისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, 5 ივლისს, ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას დაკავებულებმა ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე – „ცხრა აპრილის“ ბაღში ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მას პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა (154), დევნის (156) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის (225) მუხლებით მიმდინარეობს.

5 ივლისს დედაქალაქში ჰომოფობიურ ნიადაგზე ჟურნალისტებზე ძალადობისას მედიის მინიმუმ 53 წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში – 11 ივლისს გარდაიცვალა. ჯამში 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე შსს-ს სულ 27 პირი ჰყავს დაკავებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)