ბერძნულ-რომაული სტილით ქართველმა მოჭიდავემ 130 კგ წონით კატეგორიაში, იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის მეექვსე მედალია.
ქაჯაია კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესთან ფინალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა. ამ უკანასკნელმა ქაჯაიასთან გამარჯვებით მეოთხე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ქაჯაიამ გუშინდელ ნახევარფინალში ჩილელი იასმანი აკოსტა დაამარცხა.
ქართველი მოჭიდავისთვის ეს მეორე ოლიმპიადა და პირველი ოლიმპიური მედალია.
მანამდე, ქართველმა ძიუდოისტებმა ქვეყანას 1 ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოუტანეს, ორი დღის წინ კი ანტონ პლესნოიმ ძალოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე სპორტის 11 სხვადასხვა სახეობაში ჯამში 35 სპორტსმენით ასპარეზობს. ოქროს მედლის მფლობელს საქართველოს მთავრობა საჩუქრად 1 მლნ ლარს გადასცემს.
ზაფხულის რიგით 32-ე თამაშებმა სტარტი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისს აიღო და ის 8 აგვისტოს დაიხურება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)