Site icon Civil.ge

მწერლების პროტესტის გამო წლევანდელი „ლიტერა“ აღარ ჩატარდება  

თეა წულუკიანი, 11 ნოემბერი, 2018, ფოტო: იუსტიციის სამინისტრო

„მწერალთა სახლმა“ 2 აგვისტოს განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ წელს აღარ ჩატარდება, რადგანაც მონაწილე მწერლები და ჟიურის წევრები კონკურსს მასობრივად გამოეთიშნენ.

„მწერალთა სახლმა“, რომელიც ამ კონკურსს ატარებდა, თქვა, რომ საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან 93 წიგნი მოიხსნა. ამას გარდა, მუშაობაზე უარი თქვა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კულტურის მინისტრმა ჟიურის წევრად თავისი წარმომადგენელი მიავლინა.  მწერლებმა ამ ნაბიჯის გამო კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ცენზურის მცდელობაში დაადანაშაულეს. 

ორგანიზაციის თქმით, მათ სცადეს კულტურის სამინისტროსთან კომუნიკაცია, რათა ამ უკანასკნელს გადაწყვეტილება შეეცვალა, თუმცა ამაოდ. მათი თქმით, ამ ამაო მცდელობის შემდეგ, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, მათ გაასაჯაროვეს ჟიურის შემადგენლობა, რასაც მოჰყვა კიდეც ლიტერატორთა პროტესტი. 

ლიტერატურული პრემია 2015 წელს დაარსდა და ტრადიციულად, აქამდე ჟიურის ხუთივე წევრს მწერალთა სახლი არჩევდა და სამინისტროს წარუდგენდა შესათანხმებლად. წელს პირველად მოხდა, როცა კულტურის სამინისტრომ ჟიურიში მოინდომა და თავისი წარმომადგენელი დანიშნა.

კულტურის მინისტრის მიერ 2021 წლის 3 ივნისს გამოცემული ბრძანების მიხედვით, სამინისტროს მიერ დაფინანსებული ნებისმიერი კონკურსის  ჟიურის შემადგენლობაში ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა იყოს.  

საქართველოს პენცენტრმა, რომელიც 70-ზე მეტ მწერალს აერთიანებს, კულტურის მინისტრის ქმედება „თავხედურ ჩარევად“ და „ცენზურის დაწესების მცდელობად“ შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი მწერლობაზე „პარტიული კონტროლის დაწესებას“ არ დაუშვებენ. კულტურის სამინისტრომ უარყო რამე სახის ჩარევა კონკურსში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან მხოლოდ საკუთარი წარმომადგენელი დანიშნა ჟიურიში და 50 000 ლარი გადარიცხა კონკურსის ჩასატარებლად.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)