ლეიბორისტულმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი მიხეილ ქუმსიშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „მწვანე“ აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი წარადგინა.
7 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ქუმსიშვილი და ჩხარტიშვილი „იდეალისტი“ და „პატრიოტი“ კანდიდატები არიან.
28 წლის ქუმსიშვილმა პრეზენტაციაზე მოკლე სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის საჭიროებაზე ისაუბრა.
თავის მხრივ, 41 წლის ლაშა ჩხარტიშვილი დედაქალაქში გარემოსა და ჰაერის დაბინძურებას და უკანონო მშენებლობების საკითხებს შეეხო. მან ასევე დასძინა: „როცა ნახავთ მდიდარ კანდიდატს, ჰკითხეთ საიდან სიმდიდრე… ამ ქვეყანაში სირცხვილია სიმდიდრე და მდიდარი ადამიანების მონაწილეობა პოლიტიკაში, იმიტომ რომ მათი სიმდიდრე მოდის თქვენი გაღატაკების ხარჯზე“.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
უკვე ცნობილია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ თბილისის პირველი პირის თანამდებობისათვის მოქმედი მერი, კახა კალაძე იბრძოლებს. ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენიმე ოპოზიციურმა ჯგუფმა კი მერის პოსტზე საერთო კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დაასახელეს, საკრებულოს თავმჯდომარის სავარძლისათვის ბრძოლაში კი მოძრაობა „დროა!-ს“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია მოსინჯავს ძალებს.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეტი სიახლის გასაცნობად, გადადით ამ ბმულზე.
წაიკითხეთ ასევე:
- ქართული ოცნების სახელით დედაქალაქის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს
- ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)