Site icon Civil.ge

ომის წლისთავზე პრემიერი წინა ხელისუფლების „პროვოკაციებზე“ საუბრობს

ქვეყნის პირველი პირები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მარცხნიდან მარჯვნივ წინა ფლანგზე: კახა კუჭავა, სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი. უკან სჩანან კახა კალაძე და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. 8 აგვისტო, 2021 წ. ფოტო: Facebook/ კახა კალაძე

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 13 წლისთავზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და თბილისის მერი კახა კალაძე 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ეწვივნენ, ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.

მუხათგვერდის სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „მე არ [მიმაჩნია], რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ [მიმაჩნია], რომ 9 აპრილი უნდა იყოს გლოვის დღე, რადგანაც ამავდროულად, ეს იმედის დღეა, ჩვენი მომავლის იმედის დღე, იმედის, რომელიც არასოდეს არ უნდა დავკარგოთ!“

„მე მახსენდება, წლების მანძილზე, ძალიან ბევრს როგორ გვჯეროდა საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის, საბჭოთა კავშირის დროს, როცა ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო“, – თქვა პრეზიდენტმა და დასძინა:

„შეიძლება ვერ ვხედავდეთ ზუსტად კონკრეტულ გზას, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, მაგრამ ის, რომ ჩვენ დღეს ამას დაზუსტებით ვერ ვხედავთ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს გზა ჩვენ წინ არ არის“.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი მტკიცე მხარდამჭერი ჰყავს.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „გამოუსწორებელი შედეგები დადგა აგვისტოს ომის შემდეგ. ქვეყანაში დაკანონდა ოკუპაცია. ქვეყნის  ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ“.

„მე აქ გარდაცვლილი ოჯახების, ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა ვილაპარაკო იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება წინა ხელისუფლებას“, განაგრძო პრემიერ-მინისტრმა წინა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების კრიტიკით და დასძინა: „ამის თაობაზე ჩვენ გავაკეთეთ შეფასება და ვერდიქტი გამოტანილი აქვს ქართველ ხალხს, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არასოდეს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ“.

პრემიერის თქმით, ხელისუფლების ვალია, „დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დავიცვათ ჩვენი ხალხი, ყოველი აგრესიისგან, დამპყრობლებისგან და ოკუპანტებისგან – ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი… ჩვენ არჩეული გვაქვს პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა ოკუპაციის დასაძლევად, დეოკუპაციის მისაღწევად“.

„ჩვენი მმართველობის პერიოდი გამორჩეული არის იმითაც, რომ ჩვენ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ კიდევ უფრო მეტი ესკალაცია, მეტი სირთულეები და ავარიდეთ ომი და ის ნგრევა, რაც მოაქვს ომს. ჩვენი მიზანმიმართული, თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკით მე მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)