აშშ-საქართველოს ერთობლივი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2021“ 6 აგვისტოს ქალაქ ახალციხის მახლობლად მდებარე ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.
დახურვის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და უცხოელი დიპლომატები, მათ შორის, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრნენ.
„საქართველოში განხორციელებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დინამიკა და მასშტაბები ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებისა და შენარჩუნების პროცესში“, – მიმართა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწავლების მონაწილეებს.
მისი თქმით, „საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ – ნატოში ინტეგრაციისკენ. ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობასა და ურთიერთთავსებადობას“.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „Agile Spirit“-ის და Noble Partner-ის ჩატარების უწყვეტობა ადასტურებს, რომ „საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზე დგას“.
ეს „Agile Spirit“-ის უკვე მეათე, საიუბილეო სწავლება იყო, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა. წვრთნებმა სტარტი 2011 წელს აიღო და ის პირველად აშშ-საქართველოს ორმხრივი სწავლების ფორმატში ჩატარდა. 2015 წლიდან წვრთნებს არაერთი ქვეყანა შეუერთდა.
წელს სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 2 500-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა, მათ შორის, საქართველოდან, აშშ-დან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, აზერბაიჯანიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, კანადიდან და ლიეტუვიდან.
სწავლება მოსკოვის კრიტიკის ფონზე ჩატარდა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა 29 ივლისს განაცხადა, რომ წვრთნები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა“ რუსეთის საზღვრებთან შემხებლობაში მოდის.
კრემლის საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ „ნატო უკვე 10 წელზე მეტია ამ რეგიონში სწავლებებს ატარებს… ამრიგად, ახალი ან განსხვავებული აქ არაფერია“. „ეს ნორმალური და საჭირო წვრთნაა, რომელიც სამხედროებმა უნდა გაიარონ, რათა უზრუნველყონ ურთიერთთავსებადობა და აგრესორების შესაკავებლად საჭირო თავდაცვითი შესაძლებლობების არსებობა“.
ასევე წაიკითხეთ:
- მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit“ დასრულდა
- ფოტოამბავი: „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულდა
- მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit“ დასრულდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)