ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ოლიმპიური მედლების რაოდენობით 33–ე ადგილზე გავიდა. ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ხუთი ვერცხი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს ძიუდოშო, ძალოსნობასა და ჭიდაობაში.
ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ძალოსანი ლაშა ტალახაძე +109 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა და ქვეყანას მეორე ოქრო მოუტანა. ეს ქართველი სპორტსმენის მეორე ოლიმპიური ოქროა. პირველი ოქრო ტალახაძემ 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა.
ბერძნულ-რომაული სტილით ქართველმა მოჭიდავემ 130 კგ წონით კატეგორიაში, იაკობ ქაჯაიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა 125 კგ წონით კატეგორიაში. ეს მისი მეორე ოლიმპიური მედალია. 2016 წელს რიოში მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მამაკაცთა შორის 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოქროსა და რიოში მოპოვებული ბრინჯაოს შემდეგ, ეს მისი მესამე ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა +100 კგ და 66 კგ წონით კატეგორიებში ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ძალოსანი ანტონ პლესნოი 96 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
„ტოკიო 2020“-ის ფარგლებში ცალკე აღსანიშნავია სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელის, მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძის ასპარეზობაც, რომელიც პირველი ქალი სპორტმსენია, რომელმაც ზედიზედ 9 ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე სპორტის 11 სხვადასხვა სახეობაში ჯამში 35 სპორტსმენით ასპარეზობდა. 33-ე ადგილი საქართველოსთვის პეკინის 2008 წლის (28-ე) და ათენის 2004 წლის (32-ე) ოლიმპიური თამაშების შემდეგ მესამე საუკეთესო შედეგია.
საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, პირველად 1996 წელს, ატლანტის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, სადაც ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ერთი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში და მეორე ძიუდოში.
ოთხი წლის შემდეგ, სიდნეიში ქართველმა სპორტსმენებმა ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს (ბოქსში, ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში, ძალოსნობაში, ძიუდოში და ორი ბრინჯაო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში).
პირველი ოლიმპიური ოქრო საქართველომ 2004 წელს ათენში აიღო, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა სულ ოთხი მედალი მოიპოვეს – ორი ოქრო (ძიუდოსა და ძალოსნობაში) და ორი ვერცხლი (ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობასა და ძიუდოში).
2008 წელს პეკინის ოლიმპიადა საქართველომ სამი ოქროს (ძიუდო, ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობა და თავისუფალი ჭიდაობა) და სამი ბრინჯაოს (ორი მედალი თავისუფალ ჭიდაობაში და ერთი – პნევმატური პისტოლეტით სროლაში) მედლით დაასრულა.
2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშები საქართველომ 7 მედლით დაასრულა – ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო – ყველა მათგანი ძიუდოსა და ჭიდაობაში.
2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ კვლავ 7 მედალი მოიპოვა – ორი ოქრო, ერთი ვერცხლი დ ოთხი ბრინჯაო ძალოსნობაში, ძიუდოსა და ჭიდაობაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)