Site icon Civil.ge

ISFED-მა არჩევნების არაოფიციალური კამპანიის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა

ხმის მიცემის ერთ-ერთი უბანი თბილისში, 31 ოქტომბერი, 2020, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ არაოფიციალური კამპანიის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში 1 ივნისიდან 2 აგვისტომდე, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების დღემდე, პერიოდს მოიცავს.

6 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, არაოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიაში, ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით მმართველი პარტიის დომინირება შეინიშნებოდა. ოპოზიციურ პარტიებს შორის აქტიური იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია საქართველოსთვის კამპანია, რომელიც ძირითადად რეგიონებში ოფისების გახსნითა და ამომრჩეველთან შეხვედრით შემოიფარგლებოდა.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობის ნაკლებობის პრობლემა კვლავ რჩებოდა და ამის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ორი წევრი „დაბალი ლეგიტიმაციით“ აირჩია. სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატებმა ისინი ხმათა უბრალო უმრავლესობით აირჩიეს.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ცესკოს მიმართ ნდობის ამაღლების მიზნის მიღწევა „პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა“ და შერჩევის პროცედურის სხვადასხვა დონეზე არსებულ ხარვეზებზე მიანიშნა.

„წინა არჩევნების მსგავსად, კვლავაც აქტუალურია ამომრჩევლების გულის მოსაგებად ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაანონსება ან/და მათი განხორციელების დამთხვევა უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდისათვის, რაც ამომრჩევლის ნებით შესაძლო მანიპულირების საფრთხეს შეიცავს“, – ნათქვამია ანგარიშში. ამის მაგალითად ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 26 ივნისის ინიციატივას ასახელებს, რომლითაც კორონავირუსის პრევენციისათვის შემოღებული შეზღუდვების დარღვევის გამო ფიზიკური და იურიდიული პირების დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/ზეწოლის ტენდენცია ძირითადად რეგიონებში გამოვლინდა. დოკუმენტის თანახმად, ზეწოლისა და პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის შემთხვევები უმეტესად გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ შეინიშნებოდა.

მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში, ბიუჯეტი კამპანიის წინა ფაზაში შეიცვალა. „ამ პროცესში, ტენდენციის სახით, შეიძლება, გამოიყოს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდა და სამუშაოების განსაკუთრებით გააქტიურება“, – ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციის თქმით, მართალია, საბიუჯეტო ცვლილებების პროცესი კანონით დადგენილ ვადაში განხორციელდა, მაგრამ, განსაკუთრებით იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მოქმედი მერები და საკრებულოს ხელმძღვანელები კანდიდატებიც არიან, „ზღვარი სახელმწიფო რესურსებსა და პარტიულ ინტერესებს შორის ფერმკრთალდება“.

დოკუმენტში ასევე საუბარია სხვა ტენდენციებზეც, მათ შორისაა – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და „პოლიტიკაში ქალთა მიმართ მტრული გარემოს არსებობის პრობლემა“. ორგანიზაციის თქმით, „განსაკუთრებით საგანგაშო“ სახე მიიღო „კრიტიკული მედიასაშუალებების“ წარმომადგენლების მიმართ ნეგატიურმა დამოკიდებულებამ, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა არსებული პოლარიზებული გარემო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)