Site icon Civil.ge

სუს-მა სახელმწიფო საიდუმლოების შესაძლო გახმაურების საქმეზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლოგო, ფოტო: ssg.gov.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი)10 აგვისტოს განაცხადა, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შესაძლო გახმაურების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, ბოლო პერიოდში უწყების თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების გახშირებული ფაქტები „ცალსახად“ არღვევს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონს“.

უწყებამ კონკრეტული ფაქტების დასახელების გარეშე მხოლოდ ის განმარტა, რომ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის, სამართლებრივი რეაგირებისა და შემდგომში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურების პრევენციის მიზნით „ინტენსიური“ გამოძიება მიმდინარეობს.

სუსი საქმეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მე-2 ნაწილით იძიებს, რაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებას გულისხმობს, რამაც „საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი“ გამოიწვია. ბრალი ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.


სუს-ის განცხადება „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას 1 აგვისტოს ეთერს მოჰყვა, სადაც მან უსაფრთხოების სამსახურის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციების თანამშრომლების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ერთ-ერთი უცხოური საელჩოს თანამშრომლის სატელეფონო საუბრების სავარაუდო მოსმენების, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლების, ბიზნესმენებისა და სასულიერო პირების, მათ შორის ჰომოსექსუალი მოქალაქეების პირად ცხოვრებაზე სავარაუდო თვალთვალის შესახებ ისაუბრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)