კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით, რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება, რომ მოსკოვი იზიარებს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის შეშფოთებას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
1 აგვისტოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერებმა, მათ შორის, ირმა ინაშვილმა, დავით თარხან-მოურავმა, ასევე ყოფილმა დეპუტატებმა გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს წერილი გაუგზავნეს, სადაც მას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დახმარებას სთხოვენ და აღნიშნავენ, რომ ცალსახად უჭერენ მხარს საქართველოსა და რუსეთს შორის „ნამდვილად გულწრფელი და მეგობრული, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებას“.
„ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას ორმხრივი ურთიერთობების არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე მათი გაუმჯობესებისკენ მოწოდებას. რუსეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს. როგორც ცნობილია, ჩვენ არ ვყოფილვართ მათი გაწყვეტის ინიციატორები“, – განაცხადეს კრემლის პრესსამსახურში.
„ტასის“ ინფორმაციით, კრემლმა აღნიშნა, რომ პატრიოტთა ალიანსის მიმართვა მკაფიო დასტურია იმისა, რომ „რუსოფობებისა და რადიკალების ძალისხმევის მიუხედავად, საქართველოში რჩებიან საღად მოაზროვნე ძალები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას უჭერენ მხარს“.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის სექტემბერში, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე, ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2012 წლის ბოლოს, რუსეთთან არაფორმალური, ორმხრივი პირდაპირი დიალოგი დაიწყო და ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. რუსული მხრიდან დიალოგში გრიგორი კარასინი მონაწილეობს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საბჭოს მოქმედი სენატორი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა.
ასევე წაიკითხეთ;
- რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვი მზადაა თბილისთან ურთიერთობები აღადგინოს
- თბილისი მოსკოვს „პროპაგანდისტული ნარატივის“ გამო აკრიტიკებს
- აბაშიძემ და კარასინმა ჰუმანიტარული ვითარება, ვაჭრობის საკითხი განიხილეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)