საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელმწერილი შეთანხმება 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა. ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა.
2016 წლის აგვისტოში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, მხარეები გაცვლიან ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში, ასევე ითანამშრომლებენ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, აგრეთვე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, კიბერტერორიზმისა და იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
შეთანხმების მუხლები
შეთანხმება ბოლო, მე-14 მუხლში აღნიშნავს, რომ ის ოფიციალური დიპლომატიური ნოტების გაცვლის თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოტები 2021 წლის ივლისში გაიცვალა.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას ტერორიზმის, ექსტრემისტული და სეპარატისტული ორგანიზაციებისა და იმ კონკრეტული პირების შესახებ, რომლებიც ტერორისტულ ან სხვა ისეთ ქმედებებს ამზადებენ, რომლებიც ორი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
გარდა ამისა, მხარეებს შეუძლიათ, რომ მეორე ხელმომწერი ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენლები/ატაშეები გააგზავნონ.
დოკუმენტის თანახმად, ორი ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურები სამუშაო შეხვედრებს, შემსწავლელ ვიზიტებსა და კონფერენციებს გამართავენ, ასევე ერთობლივ პროგრამებს და ტრენინგებს განახორციელებენ და ერთმანეთს ტექნიკური საშუალებებითა და აღჭურვილობით დაეხმარებიან.
შეთანხმების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ მეორე მხარის მოთხოვნაზე უარი თქვან, თუ ეს მოთხოვნა ადამიანის უფლებებს, ეროვნულ კანონმდებლობასა და მათ საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, ან საფრთხეს უქმნის მათ ეროვნულ ინტერესებს.
საერთაშორისო კონტექსტი
შეთანხმება ძალაში იმ ფონზე შედის, როდესაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო ამკაცრებს სანქციებს ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ იმ როლის გამო, რომელიც მან 2020 წლის აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში ითამაშა, რასაც ოპონენტების დევნა მოჰყვა. 21 ივნისს ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ბელარუსის უშიშროების კომიტეტია პასუხისმგებელი ან ის მონაწილეობდა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ძირის გამოთხრის საქმეში.
მინსკსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ბელარუსის უშიშროების კომიტეტმა თანამშრომლობა რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან გააღრმავა.
ივნისში, Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტის კვალდაკვალ, რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსი, სერგეი ნარიშკინი ბელარუსის უშიშროების კომიტეტის უფროსს, ივან ტერტელს შეხვდა, სადაც ორი სტრუქტურა, „ტრადიციული ძმური ურთიერთობების სულისკვეთებით, შეთანხმდა, რომ ერთობლივად დაუპირისპირდნენ დასავლეთის დესტრუქციულ საქმიანობას, რომელიც [რუსეთ-ბელარუსის] ერთიანი სახელმწიფოს სივრცეში პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად“.
პოლონეთში მდებარე მაუწყებელმა BELSAT TV გუშინ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგებს მოუტანს შეთანხმება იმ ბელარუსებს, რომელთაც ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების დევნის შიშით საქართველოს შეაფარეს თავი. ტელეარხი იტყობინება, რომ ბელარუსმა აქტივისტმა რამან კისლიაკმა ამასთან დაკავშირებით ფრთხილი ოპტიმიზმი გამოხატა.
„პანიკის მიზეზი არ არსებობს, ვინაიდან შეთანხმება შეიცავს პუნქტს, რომელიც თანამშრომლობაზე უარის თქმის საშუალებას იძლება იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ადამიანის უფლებებს ექმნება“, – განაცხადა კისლიაკმა და დასძინა, რომ ბელარუსის უშიშროების სამსახურებს ანალოგიური შეთანხმებები ბევრ სხვა ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.
Lukashenka’s KGB and the State Security Service of Georgia signed the shameful agreement on collaboration, it was published yesterday. Many Belarusian journalists and human rights defenders found a safe space in Georgia. Really hope 🇬🇪 won't extradite them to Lukashenka. pic.twitter.com/bBDGLu3ZQs
— Franak Viačorka (@franakviacorka) August 14, 2021
ფრანაკ ვიაჩორკამ, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის სვიატლანა ციხანოუსკაიას მრჩეველმა, შეთანხმებას „სამარცხვინო“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ბელარუსი ჟურნალისტებისა და აქტივისტების მინსკში ექსტრადიციას არ დათანხმდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)