აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 29-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 14 აგვისტოს, თბილისში, ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
ცერემონიაში მონაწილეობდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.
„14 აგვისტო უმძიმესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად საქართველოსთვის, ასობით ათასი დევნილისა და იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ოჯახის წევრი და ახლობელი დაკარგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში“, – განუცხადა თეა ახვლედიანმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, „ეს არის საერთო ტკივილი, საერთო ტრაგედია აფხაზთა და ქართველთა, რომელიც აუცილებლად უნდა დავძლიოთ მშვიდობის ძალით, შერიგების, ნდობის აღდგენის გზით, რათა არასდროს განმეორდეს ასეთი ტრაგედია“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ აღნიშნა, რომ როგორც აფხაზური, ისე ქართული საზოგადოება საბოლოოდ მივა იმ დასკვნამდე, რომ 29 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები საერთო დამარცხება იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო პოლიტიკის და საერთაშორისო პარტნიორების დახმარების წყალობით, „ჩვენ მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, დე-ოკუპაციას“.
აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიის ,,ეფექტურ კონტროლს“ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და აფხაზეთში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია ხორციელდება. მისი თქმით, აფხაზეთში მხოლოდ ეთნიკური ქართველების უფლებები კი არ ილახება, მიზანმიმართულად ტარდება საზოგადოების ასიმილაციის პოლიტიკაც.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც დღეს კახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც ქართული ოცნების მერობის კანდიდატები წარადგინა, Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რმელშიც აღნიშნა, რომ 29 წლის წინ, „დღევანდელ დღეს, დაიწყო საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა – აფხაზეთის ომი“.
„ფრონტის ხაზის ორივე მხარეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იდგნენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
მისივე თქმით, „ისტორიული სამართლიანობა აღდგება და საქართველო აუცილებლად გაერთიანდება“ და „აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)