საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 17-18 აგვისტოს შუაღამის ცნობით, ქაბულში ჩარჩენილი 6 ქართველი უნგრული თვითმფრინავით სამშობლოში გამოემართა. 6-ივე მოქალაქე, რომელმაც ავღანეთის დატოვება მოახერხა, ავღანეთში კერძო კონტრაქტით ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულნი.
ამასთან, სამინისტროს თქმით, ხელისუფლება აქტიურად, ყველა მიმართულებით მუშაობს დანარჩენი 17 მოქალაქის სამშობლოში დასაბრუნებლად.
სამინისტროს განცხადებით, მთავრობა ავღანეთის დედაქალაქში თვითმფრინავის გაგზავნასაც განიხილავს, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგანაც ქაბულის აეროპორტში მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავების გადაადგილებაა ნებადართული. საგარეო უწყების თქმით, თვითმფრინავს ქაბულში ნებართვის მიღებისთანავე გაგზავნიან.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ მათ განუწყვეტელი კონტაქტი აქვთ ქაბულში დარჩენილ ქართველებთან და რომ ისინი უსაფრთხო ადგილას არიან დაბინავებულნი.
გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, რომ ქაბულში 23 ქართველი იყო ჩარჩენილი. ხვთისიაშვილმა თქვა, რომ თუმცაღა ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების მიერ შესრულებულ 4 ფრენაზე უპოვა მათ ადგილები, საქართველოს მოქალაქეები აეროპორტამდე მიღწევას ვერ ახერხებდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)