Site icon Civil.ge

ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისია გახსნა

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების პლაკატები, ფოტო: თორნიკე ზურაბაშვილი/Civil.ge

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოს მთავრობის მოწვევით დღეს ქვეყანაში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებისათვის სადამკვირვებლო მისია (EOM ) გახსნა.

სადამკვირვებლო მისიის გუნდი, რომელიც 12 ექსპერტისა და 30 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება, 4 სექტემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდებიან.

ამასთან, ოდირი ასევე გეგმავს მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისაგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებელის ჩამოსვლა უშუალოდ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. საგულისხმოა, რომ ოდირმა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია გააუქმა

სადამკვირვებლო მისიას ელჩი ალბერტ იონსონი უხელმძღვანელებს. მანამდე, 2019 წლის ივლისში, ისლანდიელი დიპლომატი უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, იმავე წლის მაისში კი – ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოდირის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.

მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას როგორც ეუთოს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო მოვალეობებთან, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან. დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ საარჩევნო პროცესის ფუნდამენტურ ასპექტებს – კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. მისია ასევე შეაფასებს საარჩევნო კამპანიის გაშუქებას მედიაში.

სადამკვირვებლო პროცესის მიმდინარეობისას ოდირი ერთ შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს,  არჩევნების მომდევნო დღეს კი – არჩევნების წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.

ოდირი საბოლოო ანგარიშსა და რეკომენდაციებს საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ წარმოადგენს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)