Site icon Civil.ge

ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველო სატრანზიტო ცენტრის ფუნქციას ასრულებს 

ნორვეგიაში, ოსლოში, თვითმრფინავი დაეშვა, რომელშიც ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრებიან არიან მოთავსებულნი, 24 აგვისტო, 2021, ფოტო: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მთავრობამ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ აქტიურად არის ჩართული ავღანეთიდან საევაკუაციო და ჰუმანიტარული პროცესების მართვაში და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დროებითი განთავსების ადგილებს სთავაზობს.

განცხადების თანახმად, ამისთვის თბილისის აეროპორტში განლაგდნენ ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც ქაბულის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად ასრულებენ. ამავე ინფორმაციით, დღემდე ქაბულიდან თბილისის აეროპორტში სხვადასხვა ჩარტერული რეისით 2 000-მდე მგზარია ევაკუირებული.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.

ამასთან, „სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მიერ მოეწყო სატრანზიტო სამედიცინო დახმარების პუნქტი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ქაბულში არსებული ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტლის ევაკუაციისას“.

ქართული მხარე ასევე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ – დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების პროცესში.

მას შემდეგ, რაც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე კონტროლი ისლამისტურ-ფუნდამენტალისტურმა მოძრაობა თალიბანმა აიღო, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ცოტა ხნის წინ, ქაბულში ჩარჩენილი საქართველოს 22 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

„საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)