საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, თავი შეიკავოს ევროკაშირის 75 მლნ ევროიანი სესხის აღებისგან, რომლის მიღებაც სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებასა და 19 აპრილის შეთანხმების პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული. პრემიერის თქმით, მთავრობამ პოლიტიკური ინსინიუაციების თავიდან აცილების მიზნით, საგარეო ვალის შემცირება დაიწყო.
„ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ჩვენ, რა თქმა უნდაა, ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ აღმოგვიჩინეს, მათ შორის კოვიდ პანდემიის მართვის დროს და ზოგადად, ყველაფრისთვის რაც მათ გააკეთეს ჩვენთვის“, – დასძინა მანვე.
პრემიერმა ოპოზიცია ქვეყნის მიმართ საბოტაჟში დაადანაშაულა და თქვა, რომ ოპონენტების ერთადერთი მიზანია, „როგორღაც შეზღუდონ და შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით“. „რა თქმა უნდა, ეს არის მიუღწეველი და ეს არის მტრული, მავნებლური დამოკიდებულება“, – დაამატა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, 9 წლის განმავლობაში რომ იყო პრეზიდენტი, დადის ევროკავშირის სტრუქტურებში და მოგეხსენებათ, ის არის გაწევრიანებული ევროკავშირის სახალხო პარტიაში, EPP-ს ჯგუფში დ ყველა მცდელობა აქვს იმისა, რომ როგორღაც რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშრის მაკროფინანსურ დახმარებას „დატვირთვა პრაქტიკულად აღარ აქვს“, მას შემდეგ, რაც ქვეყანის „ეკონომიკური ვითარება არის განსხვავებული“ და ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით „მილიარდი ლარის აკუმულირება მოხერხდა პროგნოზირებულთან შედარებით“.
ცოტა ხნის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიატორი იყო, განაცხადა, რომ ევროკავშირს, შესაძლოა, უარი ეთქვა საქართველოსთვის 75 მლნ ევროიან დახმარებაზე, თუკი საქართველოს ხელისუფლება 19 აპრილის შეთანხმებით გათვანილისწინებული რეფორმებისა და პირობების ერთგული არ დარჩებოდა. ევროკავშირმა და აშშ-მა მკაცრად გააკრიტიკეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები და აღნიშნეს, რომ ეს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი ღარიბაშვილი კიევში შარლ მიშელს შეხვდა
- შარლ მიშელი: ევროკავშირის დახმარება სასამართლო რეფორმაზეა დამოკიდებული
- ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ტოვებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)