Site icon Civil.ge

რამდენიმე ოპოზიციიურმა პარტიამ ახალი პოლიტიკური პლატფორმა – „მესამე ძალა“ შექმნა

პოლიტიკური პლატფორმა - მესამე ძალის პრეზენტაცია, ფოტო: სტრატეგია აღმაშენებლის პრესსამსახური

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური პოლარიზაციის დამარცხების მიზნით, დღეს ახალი პოლიტიკიური პლატფორმის – „მესამე ძალის“ შექმნის შესახებ განაცხადა.

ახალ პოლიტიკურ პლატფორმას სხვებთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, თავისუფალი დემოკრატების წევრი თამარ კეკენაძე და რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი ხათუნა სამნიძეც შეუერთდნენ.

ვირტუალურ პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებისადმი მიმართვისას, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე მესამე ძალა საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას დაამარცხებს.

ვაშაძის თქმით, მესამე ძალა ესაა მექანიზმი, უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე და „გავარღვიოთ ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე“, სადაც ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა დომინირებენ.

თავის მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი 2020 წლის დეკემბერში დატოვა, განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს წინსვლა და უზრუნველყოს „ნული სიურპრიზები საგარეო პოლიტიკაში“. „ეკონომიკა… მთელი ყურადღების გადატანა ბავშვებსა და ქალებზე, ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფის საშველი ეს არის“, – განაცხადა მანვე.

„საითაც გავიხედავთ, აბსოლუტურად ყველგან, ჩვენ გარშემო, რეგიონში, რეგიონის გარეთ არის ომი, უკრაინაში, სამხრეთ კავკასიაში, ჩვენს ორ მეზობელ – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სირიაში, ავღანეთში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და დასძინა, რომ „ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ჩვენს მოკავშირეებს ვაჩვენოთ აბსოლუტურად სხვა, პოლიტიკური სახე და პოლიტიკური დისკურსი“.

„ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, დავრჩებით მარტო და ვინ მოიგებს ამით, თქვენ მშვენივრად გესმით“, – ხაზი გაუსვა ვაშაძემ და დასძინა, რომ „ერთი პოლიტიკური გუნდი [ქართული ოცნება] ჩარჩენილი არის წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი [ნაციონალური მოძრაობა] წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)