საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან შეთანხმება, რომელსაც ხელი 2016 წელს მოეწერა და ძალაში 2021 წლის აგვისტოში შევიდა, „არცერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის და არ იქნება გამოყენებული“.
აღნიშნა რა, რომ ეს არის ჩვეულებრივი ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით და ა.შ. პრემიერმა განაცხადა, რომ „ეს შეთანხმება და არავითარ პრინციპულ მნიშვნელობას არ ატარებს“.
პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება 2016 წელს, იმ დროს გაფორმდა, როდესაც „ბელორუსთან დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდათ ძალიან ნორმალური, კარგი ურთიერთობა და იყვნენ სრულ კოორდინაციაში და ბელარუსიც მიისწრაფოდა დასავლეთის ქვეყნებთან ნორმალური თანამშრომლობის რეჟიმისკენ“. „არაერთ ქვეყანას დასავლეთ ევროპაში გაფორმებული აქვს ანალოგიური შინაარსის შეთანხმებები ბელარუსთან“, – დასძინა მანვე.
„5 წელი გავიდა, ეს საერთოდ არავის გახსენებია. უბრალოდ, როგორც ჩანს, 1 თვის წინ, ბელარუსმა ძალაში შეიყვანა ეს შეთანხმება და ისევ ჩვენმა მავნებლებმა და ჩვენი ქვეყნის მტრებმა დაიწყეს მორიგი პროპაგანდა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის გაშავება. იმიტომ, რომ ისეთი რაკურსით დაიწყეს ამ ინფორმაციის გაშუქება და დასავლეთში გაშვება, თითქოს რაღაც არანორმალურ ვითარებასთან გვქონდა საქმე“, – თქვა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მე-14 მუხლის თანახმად, ის ძალაში შედის ოფიციალური დიპლომატიური ნოტების გაცვლიდან შემდეგი თვის პირველ რიცხვში. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის ნოტები 2021 წლის ივლისში გაიცვალა.
ასევე წაიკითხეთ:
- ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან საქართველოს შეთანხმება ძალაში შევიდა
- საქართველოს ხელისუფლებას ბელარუსის უშიშროებასთან შეთანხმების გაუქმებისკენ მოუწოდებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)