Site icon Civil.ge

ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმებას უერთდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, 22 აგვისტოს კიდევ 24 მერობის კანდიდატი წარადგინა, 2021, ფოტო: კადრი ნაციონალური მოძრაობის ე.წ. ლაივის ვიდეოდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პირველ სექტემბერს განაცხადა, რომ რამდენიმეთვიანი ორჭოფობის შემდეგ, მისი პარტია ევროკავშირის შუამავლობით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას უერთდება.

მელიას თქმით, ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც შეთანხმების ცალკეული პუნქტები კვლავაც არ მოსწონს, ამ ნაბიჯის გადადგმისაკენ ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებაზე უარის თქმამ უბიძგა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ქართული ოცნების უარი ევროკავშირის სესხზე, რომლის გაცემის წინაპირობადაც ბრიუსელი სასამართლო რეფორმასა და 19 აპრილის შეთანხმებას მოითხოვდა, ღია განაცხადია, რომ ხელისუფლება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ვექტორი შეცვალა და ზურგი აქცია ევროპულ გზას.

მას შემდეგ, რაც „პოლიტიკური ინსინუაციების“ თავიდან აცილების მიზნით, ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ევროკავშირის 75 მლნ ევროიან მაკროფინანსური დახმარების აღებისგან თავს შეიკავებდა, მმართველი გუნდი ბოლო რამდენიმე დღეა, კრიტიკის ობიექტი გახდა. ევროკავშრიდან დახმარების შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება არაერთხელ გაისმა, თუკი ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ სასამართლო სისტემის რეფორმას არ განახორციელებდა.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელი უშუალო მედიაციის შედეგად, ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 19 აპრილს შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

თავდაპირველად ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და მიზეზად ის პუნქტი დაასახელა, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტიას გულისხმობს. რამდენიმე თვის შემდეგ, 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და თქვა, რომ ის ანულირებულია. მმართველ პარტიაში შეთანხმებიდან გასვლის მიზეზად ის დაასახელეს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

„ხელმოწერა იმისა, რაც, პირველ რიგში, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროსაა გვიან და შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან. მტკიცედ მჯერა, რომ ეს რეფორმები სარგებელს საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუტანს“, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 2 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტეტებმა და პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ასევე წაიკითხეთ:

შენიშვნა: სტატია 2 სექტემბრის 21:00 საათზე ევროკავშირის ელჩის კომენტარით განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)