Site icon Civil.ge

ლავროვი: მოსკოვი თბილისთან „ნორმალური“ ურთიერთობებისთვის მზადაა

სერგეი ლავროვი, ფოტო: facebook.com/pg/MIDRussia

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი ნებისმიერ დროს მზადაა საქართველოსთან ნორმალური მეზობლური ურთიერთობები ჰქონდეს, თუ მას ეს სურს, იმ პირობით, თუ არ მოხდება თბილისის მიერ რუსეთის კარტის გათამაშება დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად.

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სტუდენტების წინაშე გამოსვლისას, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთი გეგმავდა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეცვალა, ვინაიდან ვერ მიიღო თბილისის მხრიდან ბოდიში 2019 წლის ივნისში ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქციების შემდეგ. 

ლავროვმა მაშინდელ მოვლენებს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ „უხეში პროვოკაცია“ უწოდა და იგივე მიზეზი დაასახელა, რის გამოც მოსკოვმა არ აღადგინა საქართველოსთან 2019 წლის ივლისიდან შეწყვეტილი რეგულარული ფრენები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთინტერესის სექციები მუშაობს. ამ კუთხით, მან ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ტურიზმზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება.

ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვმა გამოთქვა სურვილი, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები, რომლებიც თბილისმა 2008 წელს მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)