Site icon Civil.ge

ოპოზიცია ევროკავშირსა და ნატოს: ქართული ოცნება ევროატლანტიკურ სვლას ხელს უშლის 

ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 9 ნოემბერი, 2020, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს ერთობლივი წერილით მიმართეს, სადაც აღნიშნეს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ევროკავშირის სესხზე უარის თქმა „ერთ-ერთია იმ მოვლენათა კასკადიდან, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, ევროატლანტიკური სვლისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად“.

პარტიების თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ცხადად აჩვენა, რომ მათი ევროკავშირთან დაახლოების ამბიცია სხვა არაფერია, თუ არა ფასადი, რომლის მიღმაც „არაფორმალური სისტემის მიერ სახელმწიფოს ყოვლისმომცველი მიტაცების მომსწრენი გავხდით, ყველაფრის ბოლო წვეთი კი სასამართლო სისტემის სრული დამორჩილება აღმოჩნდა“.

ხელმომწერმა პარტიებმა განაცხადეს, რომ  5 ივლისს ჰომოფობიურ ნიადაგზე ჟურნალისტებზე ძალადობა, როდესაც „პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა რუსეთთან და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ექსტრემისტების მიერ „თბილისი პრაიდის“ დარბევა წაახალისა, რაც შემდგომში 53 ჟურნალისტზე ფიზიკური თავდასხმით და რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალებით დასრულდა, ამ კონტექსტში ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა იყო“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ამოცანაა, ამ საფრთხეს წინააღმდეგობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სვლით გავუწიოთ და სიტუაცია შემოვაბრუნოთ, ვთვლით, ამ სიტუაციის შესაჩერებლად სწორედ ახლაა საჭირო ლეგიტიმური ბერკეტებისა და გავლენების გამოყენება“, – ნათქვამია ერთობლივ წერილში, რომლის ადრესატებიც არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეინი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ მარია სასოლი და ნატოს გენერალურ მდივანი იენს სტოლტენბერგი.

აღნიშნეს რა, რომ ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების „უხეში“ დარღვევა და 75 მლნ ევროს ოდენობის სესხზე უარის თქმა „ამ სახიფათო ტრაექტორიას კიდევ უფრო აუარესებს“, პარტიებმა ხაზი გაუსვეს, რომ შეთანხმება შეიცავდა პუნქტს 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ ხმას მიიღებდა.

„ჩვენ გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება ოქტომბერში აუცილებლად გამოიტანს პოლიტიკურ ვერდიქტს, ხოლო ევროკავშირი და ნატო, დაუჭერს რა მხარს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ახალი არჩევნების ჩატარებას დაუყოვნებლივ მოითხოვს“, – ნათქვამია წერილში.

პარტიებმა პირობა დადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ მოქალაქეთა ხმების დასაცავად და იმისთვის, რომ „საქართველო დარჩეს თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ერთგულ სახელმწიფოდ“. „იმედი გვაქვს თქვენი უწყვეტი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერისა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად“, – მიმართეს პარტიებმა ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლებს.

წერილს ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი-მეტი თავისუფლება, ევროპული საქართველო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, ელენე ხოშტარია – დროა, ლელო საქართველოსთვის, თავისუფალი დემოკრატები, ქრისტიან-დემოკრატები, ევროპელი დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, კანონი და სამართალი და დამოუკიდებელი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)