Site icon Civil.ge

საქართველომ ლატვიის მიერ ნაჩუქარ ვაქცინებზე უარი თქვა 

კოვიდ-19-ის ვაქცინა, ფოტო: ჰაკან ნურალი/unsplash.com

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ ლატვიის მიერ ნაჩუქარ 50 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ ქვეყნის „სუვერენული არჩევანია“, ის ვაქცინები შემოიტანოს, რომელიც მოსახლეობას უნდა.

ექიმებსა და ეპიდემიოლოგებზე დაყრდნობით პრემიერ-მინისტრმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „ნაკლებად მოთხოვნადი და პრიორიტეტულია ჩვენი მოსახლეობის მხრიდან“.

„ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები და ჩვენ ამ დროს გვეთქვა უარი, ეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ამჟამად ქვეყანაში 3 მილიონი დოზა ვაქცინაა.

მისი თქმით, საქართველოს ამჟამად აქვს „ფაიზერისა“ და ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინები, ასევე მთავრობას შეკვეთილი აქვს მილიონი დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა და კიდევ ორი მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე მუშაობს.

ვაქცინებზე კითხვები მას შემდეგ აღიძრა, რაც ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ლატვიის საჩუქარზე უარი ივლისში თქვა.

კანდელაკის თქმით, სწორედ მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს უარი უთხრეს ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე 5 ივლისის მოვლენების ფონზე, საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა ლატვიას ვაქცინის ჩუქებაზე. ცოტა ხნის წინ, ქართული მედია იტყობინებოდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია ვიზიტის გაუქმების თაობაზე და მას „სპეკულაცია“ უწოდა.

ვაქცინების დაჯავშნის მიზნით სპეციალურად შექმნილ პორტალზე 2 სექტემბრის 17:00 საათის მდგომარეობით, ქვეყანაში ხელმისაწვდომია „ფაიზერის“ ვაქცინის 92 259 დოზა, „სინოვაკი“ – 74 016 დოზა, „სინოფარმი“ – 142 496 და „ასტრაზენეკა“ – 15 615 დოზა.

უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალურ პორტალზე მითითებული ყველა ვაქცინის დაჯავშნა არ არის შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილების თანახმად, „სინოფარმის“ ვაქცინა მხოლოდ მეორე დოზებისთვისაა განკუთვნილი და ქვეყანა მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მას შემდეგ შეძლებს, რაც ახალი პარტია შემოვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)