საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება ევროკავშირის დახმარებაზე უარის გამო გაარიტიკა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის და „მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია“.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ 75 მლნ ევროს ოდენობის სესხის აღების საპიროწონედ წარმოდგენილი არგუმენტი, რომ ეს გადაწყვეტილება საგარეო ვალის შემცირებას ემსახურება, „ანალიზს ვერ უძლებს“.
„გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძნა, რომ „სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია!“.
გაიხსენა რა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რიკოტის მაგისტრალზე სტუმრობა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება!“.
„ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის, ამ სესხის აღება არ აღებით – არ შემოიფარგლება. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა!“, – დასძინა პრეზიდენტმა.
„ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს, როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
- ევროკავშირი: საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა
- პრემიერი: გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის აღებისგან
- ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ტოვებს
ხაზი გაუსვა რა, რომ „ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლეობის 80%-ს არა თუ ესმის, კიდევაც იზიარებს“, – პრეზიდენტმა დასძინა, რომ „ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში, ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება უფრო მეტად დამოკიდებული იქნება ევროპაზე ვიდრე აქამდე“.
„მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)