ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის სესხზე უარის თქმისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
2 სექტემბერს თბილისში ამერიკული კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ ამერიკელი კანონმდებლები გაითვალისწინებენ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, რომ მათ არ სჭირდებათ 75 მილიონი ევროს დახმარება.
„შეერთებული შტატების კონგრესი თვალს ადევნებს აქ მიმდინარე მოვლენებს და ჩვენ ყოველთვის კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, თუ რა ტიპის დახმარება სჭირდებათ და სურთ მათ“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
ელჩმა დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, გატარდეს ყველა სხვა რეფორმა, „მიუხედავად იმის იქნება ის მიბმული 75 მილიონი ევროს დახმარებასთან თუ არა“. „ცოტა გაგვიკვირდა საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება, შექმნილი მაღალი უმუშევრობის, სიღარიბის დონისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე“, – განაცხადა მანვე.
იმავდროულად, ამერიკელი დიპლომატი მიესალმა 19 აპრილის შეთანხმებაზე ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერას და მას „კარგის ნიშანი“ უწოდა.
მისივე თქმით, „ამ რეფორმებსა და ნაბიჯებზე“ მოილაპარაკეს და ერთმანეთში შეთანხმდნენ საქართველოს ლიდერები. „ეს მათთვის თავს არ მოუხვევია არც შეერთებულ შტატებს და არც ევროკავშირს“, – განაცხადა ელჩმა და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება.
ელჩმა დეგნანმა ასევე განაცხადა, რომ „ეს დოკუმენტი არის გზამკვლევი იმ რეფორმებისა, რომელთა გატარებაც საქართველოს სჭირდება“ და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი „სერიოზულად მიიღებს საქართველოს ლიდერების ამ გზავნილს – რომ ეს ის პრიორიტეტებია, რომელზეც მათ უნდა იმუშაონ, რათა ყველა ქართველის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ“.
ასევე წაიკითხეთ:
- ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერას პოლიტიკოსები აფასებენ
- ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმებას უერთდება
- პრემიერი: გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის აღებისგან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)